ვირტუალური ზონის პირი – ასე ჰქვია იმ სტატუსს, რომლის მოპოვებითაც საქართველოში მოღვაწე საინფორმაციო და ტექნოლოგიური სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს დღგ-ისა და მოგების გადასახადების 0%-მდე შემცირება შეუძლიათ.
ეს საგადასახადო შეღავათები 2010 წლის დეკემბერში – “საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების” შესახებ მიღებული კანონით და საგადასახადო კოდექსით არის განსაზღვრული. კანონის მიხედვით, ნულოვანი საგადასახადო მოსაკრებელი საქართველოში IT სერვისების განვითარების ხელშესაწყობად არის მიღებული.
ვირტუალური ზონის პირის სტატუსს კომპანიებს ფინანსთა სამინისტრო ანიჭებს. კანონის მეექვსე მუხლის მიხედვით – “ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.”
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოში ამ სტატუსით 1,000-ზე მეტი იურიდიული პირი დარეგისტრირდა. საგადასახადო პრაქტიკის მიხედვით, კომპანიებს არ მოეთხოვებოდათ უშუალოდ საქართველოში დასაქმებულთა ყოლა და უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან მომსახურების გაწევა. თუმცა, რამდენიმე კვირაა რაც შემოსავლების სამსახურმა საკუთარი პრაქტიკა რადიკალურად შეცვალა და კომპანიებისგან წინა წლებში მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების გადახდას ითხოვს.
ვირტუალური ზონის პირების შესახებ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რომან ბუღაძემ ისაუბრა. მისი თქმით, შემოსავლების სამსახურმა საკუთარი პრაქტიკის შეფასებისას აღმოაჩინა, რომ მათ ვირტუალური ზონის პირების შემოწმება არცერთხელ არ აქვთ ჩატარებული, საკითხის უფრო დეტალურად გაანალიზებით კი გაირკვა, რომ ქვეყანაში ამ სტატუსით რეგისტრირებული 1,025 კომპანიიდან ფაქტობრივად არცერთი არ ახორციელებს უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში ციფრული სერვისების მიწოდებას. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ საკონსულტაციო, აუდიტორული და იურიდიული ფირმები, რომლებიც უცხოურ კომპანიებს საქართველოში ვირტუალური ზონის სტატუსის მიღებას ურჩევდნენ, ამ კომპანიებს ატყუებდნენ, რადგანაც კანონში ნათქვამია, რომ ამ სტატუსის მქონე კომპანიამ მომსახურება უშუალოდ საქართველოს ტერიროტიიდან უნდა გასწიოს. რომან ბუღაძის თქმით, არსებული რეალობა სრულიად განსხვავებულია და 1,025 კომპანიიდან ფინანსთა სამინისტრომ დაკავშირება მხოლოდ 50 კომპანიასთან შეძლო, დანარჩენ კომპანიებს კი ქვეყანაში საფოსტო ყუთიც კი არ გააჩნიათ.
“დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებულია ვირტუალური ზონის პირის სტატუსის 1,025 კომპანია. ეს ციფრი ისეთია, რომ თუ მარტო რაოდენობრივად შევხედავთ შეიძლება ჩავთვალოთ რომ პროექტმა გაამართლა. თუმცა, მათი შესწავლიდან გამოიკვეთა, რომ ამ ობიექტების ადმინისტრირების პრაქტიკა არ არსებობს, ანუ არცერთი ამ ობიექტიდან დღემდე შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმებული არ არის. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ითვლებოდა რომ ამ სფეროში არ იყო რისკები არ ხდებოდა ამ კომპანიების შემოწმება.