საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის მხარდაჭერა — ქალები ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში!
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია აქტიურად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქალთა როლის განვითარებას ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. ასოციაციის თავმჯდომარე, შორენა კოპალეიშვილი, მიწვეული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ქალთა მენტორობა ტექნოლოგიებში“ მეოთხე სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ერთობლივად მასპინძლობდნენ EBA-ს ციფრული კომიტეტი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU).
შეხვედრას ესწრებოდნენ მენტორები, ლექტორები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და პროფესიონალები, რომლებიც საქმიანობენ გენდერული თანასწორობისა და ციფრული ინკლუზიის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოში. ყურადღება გამახვილდა მენტორობისა და უნარების განვითარების მნიშვნელობაზე ტექნოლოგიებში მოღვაწე ქალებისთვის, რაც სრულად შეესაბამება ასოციაციის მისიას — ხელი შეუწყოს მხარდამჭერი და ინკლუზიური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები დაესწრნენ ექსკლუზიურ სასწავლო სესიას, რომელიც შეეხებოდა პარტნიორობების შექმნას ევროკავშირის კომპანიებთან ციფრულ ინდუსტრიაში. სესია, რომელსაც უძღვებოდა Developers Alliance, EBA-ს წევრი, მოიცავდა სტრატეგიული ჩართულობის, ეფექტური კომუნიკაციისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების შესახებ ღირებულ ინფორმაციას ციფრულ სექტორში.
ასოციაცია აღიარებს ქალთა განსაკუთრებულ როლს IT ინდუსტრიის მომავლის ფორმირებაში და მზად არის მხარი დაუჭიროს მათ პროფესიულ ზრდას. ამ ინიციატივისთვის, ჩვენ ვგეგმავთ ახალ თანამშრომლობას და პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალთა როლის გაძლიერებას ტექნოლოგიურ სფეროში.
დამატებითი ინფორმაციისა და თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით დღესვე!