დღეს, ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარე შორენა კოპალეიშვილი მოწვეული იყო BM.GE-ის პირდაპირ ეთერში, რათა განეხილა პრეცედენტული შემთხვევა — რომელიც ასოციაციის აქტიური მხარდაჭერით წარმატებით დასრულდა.
საქმე ეხება ასოციაციის ერთ-ერთ წევრს — საერთაშორისო IT კომპანიას, რომელსაც საქართველოს შემოსავლების სამსახურმა 34,709 ლარის ოდენობით საგადასახადო დავალიანება დააკისრა, მათ შორის:
19,432 ლარი – ძირითადი გადასახადი
9,737 ლარი – ჯარიმა
5,540 ლარი – დარიცხული პროცენტი
საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იმას, რომ კომპანიას, რომელსაც ჰყავდა მხოლოდ დირექტორი და არ ჰყავდა სხვა თანამშრომელი, თითქოს არ ეკუთვნოდა ვირტუალური ზონის საგადასახადო შეღავათები — მიუხედავად მოქმედი სტატუსისა, რომელიც მას 2018 წლიდან ჰქონდა მინიჭებული.
საქმის განხილვის შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ სრულად გააუქმა სანქციები და დაადასტურა კომპანიის უფლება ისარგებლოს შეღავათებით. აღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის მნიშვნელოვან სამართლებრივ პრეცედენტს იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც მსგავს მოთხოვნებს აწყდებიან.
რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება ვირტუალური ზონის სხვა პირებისთვის?
რატომ რჩება გაურკვევლობა სამართლებრივად?
რა პოლიტიკაა საჭირო მთავრობის მხრიდან სექტორის მხარდასაჭერად?
გადაცემაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღნიშნულ და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ინტერვიუს ჩანაწერი — ასოციაციის მიერ მომზადებული სუბტიტრებითა და კომენტარებით — ექსკლუზიურად გაეგზავნებათ ასოციაციის წევრებს.