მორიგი შეხვედრა სახელმწიფოს ფინანსური უწყებების წარმომადგენლებთან
მორიგი შეხვედრა სახელმწიფოს ფინანსური უწყებების წარმომადგენლებთან
რამდენიმე დღის წინ გაიმართა მორიგი შეხვედრა საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციას, ევროპული ბიზნეს ასოციაციასა და სახელმწიფოს ფინანსური ორგანოების წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:
გასული პერიოდის მიმოხილვა (2021-2022წწ), მათ შორის დარჩენილი ჯარიმების ნაწილში.
ასევე მხარეებმა ისაუბრეს ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე დაბეგვრის მიდგომებთან მიმართებით: მათ შორის მესამე მეთოდური მითითებით წარმოშობილ ბუნდოვანებებზე.
აღნიშნული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ასოციაციის წევრებისთვის, რათა კომპანიებმა შეძლონ შეღავათის სარგებლობის მიზნით ბაზარზე სწორად ოპერირება. შორენა კოპალეიშვილმა დასვა კონკრეტული კითხვები, მათ შორის:
საგადასახადო შეღავათის სარგებლობის მიზნით, აუცილებელია თუ არა ვირტუალური ზონის პირის მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნა ხორციელდებოდეს უშუალოდ საქართველოში დაქირავებული შესაბამისი პროფილური განხრით (პროგრამისტი) დასაქმებული პირის მიერ და ასეთ შემთხვევაში აუცილებელია თუ არა რომ ეს დასაქმებული აკმაყოფილებდეს სსკ-ის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობას.
რამდენი პროცენტით უნდა იქნას შექმნილი პროდუქტი საქართველოში ან საერთო ხარჯის რა ნაწილი უნდა იქნას გაწეული საქართველოში, რათა ჩაითვალოს, რომ მისი შექმნა არსებითად ხორციელდება უშუალოდ დაქირავებულ(ებ)ის ან/და რეზიდენტი დამფუძნებლ(ებ)ის მიერ.
დავების განახლებისა თუ უკვე არსებულის წარმოების პროცედურული მხარე და სხვა.
ასოციაციის თავმჯდომარემ მიიღო ზეპირი განმარტებები, თუმცა ამ და სხვა კითხვაზე შორენა კოპალეიშვილმა მოითხოვა წერილობითი პასუხი, რასაც უახლოეს პერიოდში ელოდება უწყებისაგან.
შეხვედრის მთავარი თემა იყო კანონის დაზუსტების აუცილებლობა და მნიშვნელობა. შორენა კოპალეიშვილმა კიდევ ერთხელ აცნობა უწყების წარმომადგენლებს, რომ ასოციაცია თავის პარტნიორებთან ერთად მუშაობს უკვე ოფიციალურ საინიციატივო დოკუმენტზე, რომელსაც რამდენიმე კვირაში წარუდგენს პარლამენტს განსახილველად. ასოციაციის თავმჯდომარე ამ პროცესში სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან თანამშრომლობის იმედის იტოვებს.
ასოციაცია მადლობას უხდის ევროპულ ბიზნეს ასოციაციას (EBA) მხარდაჭერისთვის, და რომ ის იზიარებს ჩვენი და ჩვენი წევრების სურვილს ვაკეთოთ ბიზნესი ევროპული სტანდარტით.