ინტერვიუ ადვოკატ გიორგი ჟუჟუნაშვილთან – Just Advisors
სიამოვნებით წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს Just Advisors-ის ადვოკატ გიორგი ჟუჟუნაშვილთან. მისმა პროფესიონალიზმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქმეში, რომელიც იყო პირველი სასამართლო დავა და რომლის შედეგად ვირტუალური ზონის პირისთვის საგადასახადო სანქციები სრულად გაუქმდა — სანქციები სრულად შეადგენდა 34,709 ლარს (მათ შორის 19,432 ლარი ძირითადი გადასახადის, 9,737 ლარი ჯარიმების და 5,540 ლარის დამატებითი ჯარიმების სახით), რომელიც დააკისრა საქართველოს შემოსავლების სამსახურმა 2018 წლის 26 სექტემბრიდან 2021 წლის 1 მაისამდე პერიოდში იმ მოტივით, რომ კომპანია, რომლის ერთადერთი თანამშრომელი იყო დირექტორი და არ ჰყავდა დამატებითი თანამშრომლები, სავარაუდოდ, არ აკმაყოფილებდა ვირტუალური ზონის საგადასახადო შეღავათების კრიტერიუმებს. ინტერვიუში გიორგი დეტალურად განიხილავს აღნიშნულ საქმეს, გვიზიარებს სტრატეგიებს, რომლებმაც ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება უზრუნველყო, და განიხილავს საკუთარ ხედვებს საქართველოს IT სექტორის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით.
როდის დაიწყო დავა და ჰქონდა თუ არა რაიმე წინაპირობები ამ პროცესს?
2021 წლის 24 დეკემბრეს შემოწმების აქტის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის ადუდიტის დეპარტაემნტმა კომპანიის მიმართ გამოსცა საგადასახადო მოთხოვნა. კლიენტი არ დაეთანხმა მოცემულ გადაწყვეტილებას და მოგვმართა სამართლებრივი დახმარებისთვის. 2022 წლის 10 იანვარს კი შემოსავლების სამსახურში წარვადგინეთ საჩივარი, სწორედ ამ დღეს დაიწყო საგადასახადო დავა და დღემდე დავის პროცესში ვართ, ახლა უკვე სასამართლოში. რაც შეეხება წინაპირობებს, ჩვენი კლიენტიც მოყვა იმ ტალღაში, როდესაც შემოსავლების სამსახურმა მასიურად ჩაატარა ვზპ კომპანიებისა და თიზ-ის საწარმოების შემოწმება.
რა კრიტერიუმებით დააკისრა შემოსავლების სამსახურმა კომპანიას ჯარიმები?
კლიენტი იყო საქართველოში დაფუძნებული კომპანიის ერთადერთი პარტნიორი და დირექტორი. მას არ ჰყავდა სხვა დასაქმებულები და თავად ქმნიდა პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც საზღვარგარეთ აწვდიდა დამკვეთებს. ამავდროულად, კლიენტი საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი იყო მთელი პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად შემმოწმებელმა საქართველოს ტერიტორიაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნა სადავო არ გახადა, არამედ მიიჩნია, რომ არ დადგინდა საქართველოში აღნიშნული განხრით დასაქმებული პირების დაქირავება, გარდა დირექტორისა. რაც მისი აზრით გამორიცხავდა საგადასახადო შეღავათით სარგებლობას. აუდიტორმა დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიერ დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი ჩაითვალა დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად, რის გამოც კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის.
იმ პერიოდისათვის, ასეთი დარიცხვა გამოწვეული იყო არამხოლოდ ერთი შემოწმებლის მოსაზრებების გამო, არამედ საგადასახადო ორგანოს ზოგადი მიდგომის გამო. რაც დადასტურდა კიდეც მეთოდურ მითითებებში ასახული სრულიად არა რელევანტური განმარტებებით.
საინტერესოა ფინანსთა სამინისტრო სრულად იზიარებდა თუ არა შემოსავლების სამსახურის პოზიციას?
ვიდრე შემოსავლების სამსახური მიიღებდა გადაწყვეტილებას, პირველად გამოიცა მეთოდური მითითება ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებით. დავის განმხილველმა ორგანო ,,ფორმალურად“ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და აუდიტის დეპარტამენტს დაავალა სწორედ ამ მეთოდური მითითების შესაბამისად გადაეწყვიტა მოცემული საკითხი.
თავისთავად ცხადი იყო, რომ ხელახლა საქმის შესწავლას არავითარი ცვლილება არ მოჰყვებოდა, რადგან მეთოდური მითითებაში ზუსტად ის არგუმენტები იყო ასახული რაც პრინციპში აუდიტორმა მიუთითა შემოწმების აქტში. სწორედ ამის გამო, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ დავების განხილვის საბჭოში. ამ შემთხვევაშიც იგივე განმეორდა, ვიდრე დასრულდებოდა ჩვენი საჩივრის განხილვა, გაუქმდა პირველად გამოცემული მეთოდური მითითება და 2022 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით დამტკიცდა ახალი (,, მეორე“) მეთოდური მითითება. ახლა უკვე დავების საბჭომ მიუთითა, რომ საქმე უნდა გადაწყვეტილიყო მეორე მეთოდური მითითების შესაბამისად.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ვირტუალური ზონის პირის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობა არ შეცვლილა. მიუხედავად ამ გადამწყვეტი გარემოებისა, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული მეთოდური მითითებები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, არამხოლოდ მოქმედ კანონმდებლობას. პირველი მეთოდური მითითების შემთხვევაში დივიდენდის სახით განაწილებული მთლიანი შემოსავალი კვლავ დაექვემდებარებოდა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, ხოლო მეორე მეთოდური მითითება ადგენდა, რომ მხოლოდ ის შემოსავალი უნდა დაბეგრილიყო, რომელიც ტოლი იყო შესაბამისი პროფესიის მიხედვით საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ ხელფასისა.
კანონმდებლობის ასეთ ინტერპრეტაციას რა თქმა უნდა არ დავეთანხმეთ და მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
მთლიანობაში რა რაოდენობის ჯარიმა და გადასახადი იყო დაკისრებული კომპანიაზე?
აუდიტის დეპარტამენტმა კომპანიას დაარიცხა საშემოსავლო გადასახადი 19432 ლარი, ჯარიმა 9737 ლარი და 5540.55 ლარი. როგორც აღვნიშნე, ის თანხა რომელიც კომპანიის დამფუძნებელს განაწილებული ჰქონდა დივიდენდის სახით და არ ჰქონდა დაბეგრილი მოგების გადასახადით, შემმოწმებელმა გადააკვალიფიცირა ხელფასად და დაარიცხა საშემოსავლო გადასახადი.
რა იყო ის მთავარი არგუმენტები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს საქმის მოგებაში?
ორი სახის პრობლემას გადავაწყდით ვზპ კომპანიებთან დაკავშირებით, ერთი არის ასე ვთქვათ არასრული და ბუნდოვანი საკანონმდებლო ჩანაწერი საქართველოს ტერიტორიაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან დაკავშირებით და მეორე – თვით საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილების გადამეტებით კანონმდებლობის ინტერპრეტაცია, რაც არც თუ ისე იშვიათია.
კანონმდებლობის ხარვეზი ჩვენ პირდაპირ არ შეგვეხო, რადგან კომპანიის დამფუძნებელი საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა. თუმცა, ვფიქრობ სწორედ ამ საკითხმა იმხელა გაუგებრობა და ბუნდოვანება გამოიწვია, რომ ფაქტობრივად საგადასახადო ორგანომ ყველა ვზპ კომპანიას რაღაც (უმეტესად უსამართლო) საფუძველი მოუძებნა, იმისათვის რომ მოეხდინა გადასახადის დარიცხვა.
ჩვენს შემთხვევაში მთავარი არგუმენტი იყო ის უდავო გარემოება, რომ მეთოდური მითითება არ წარმოადგენს კანონქვემდებარე აქტს. სამწუხაროდ, მოპასუხეები თან ეთანხმებოდნენ ამ განმარტებას და თან უარყოფდნენ. ასევე, ნებისმიერი მიუკერძოებელი ადამიანისთვის გასაგები იყო, რომ ორივე მეთოდური მითითება ეწინააღმდეგებოდა არა მარტო საგადასახადო კოდექსს და სპეციალურ კანონს, არამედ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონს, ვინაიდან, კომპანიის პარტნიორს უზღუდავდა მოგების დივიდენდის სახით განაწილების უფლებას. ასევე, ცალკე საკითხია ის გარემოება, რომ თუ მეთოდური მითითება სავალდებულოა, მაშინ უკუძალა რატომ უნდა ჰქონოდა ჩვენს მიმართ, როდესაც აღნიშნულის შესახებ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი.
ამასთან, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა მოცემულ საქმეზე, მესამე მეთოდური მითითება დამტკიცდა. მოცემული დოკუმენტში ზუსტად აისახა ჩვენი საქმის გარემოებები, სადაც უკვე აღინიშნა, რომ გადამხდელს უფლება აქვს ისარგებლოს შეღავათით და არ გადაიხადოს მოგების გადასახადი. გადაწყვეტილების გამოტანამდე მივმართეთ კიდეც შემოსავლების სამსახურს ეხელმძღვანელათ მესამე მეთოდური მითითებით და გაეუქმებინათ საგადასახადო მოთხოვნა, თუმცა უშედეგოდ.
როგორც იცით, საბოლოოდ მაინც სასამართლომ გადაწყვიტა მოცემული საკითხი.
რა როლი ითამაშა ასოციაციამ?
ვირტუალური ზონის ასოციაცია დაინტერესდა ჩვენი საქმით და მოამზადა სასამართლო მეგობრის პოზიცია. მოცემულ დოკუმენტში ასახული იყო ყველა წინაპირობა და გარემოება, რაც ვზპ კომპანიების შემოწმებას უძღვოდა წინ. ასევე, კანონმდებლობის მიმოხილვა, რაც ასევე გაიზიარა სასამართლომ. ასოციაციამ ასევე გაგვიზიარა შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მნიშვნელოვანი წერილობითი განმარტებები. აღვნიშნავ, რომ ასოციაციის როლი უაღრესად მნიშვნელოვანია ვირტუალური ზონის კომპანიების კოორდინაციისთვის და სახელმწიფო ორგანოებისთვის საღი აზრის მიწოდებისთვის. ვფიქრობ, სწორედ მისმა ძალისხმევამ განაპირობა ის ცვლილებები, რაც დღეს გვაქვს, თუმცა მსგავსი საკითხები მეთოდოლოგიური მითითებების დონეზე არ უნდა რეგულირდებოდეს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასოციაციის როლი მნიშნელოვანია ვზპ კომპანიების კოორდინაციისთვის და საღი აზრის სახელმწიფო ორგანოებთან გაჟღერებისთვის. ვფიქრობ, სწორედ ამ ასოციაციის ძალისხმევამ მოიტანა ის ცვლილებები რაც დღეს გვაქვს, თუმცა აღნიშნული საკითხი მეთოდური მითითების დონეზე არ უნდა რეგულირდებოდეს. ამისა ნათელი მაგალითია ისევ ღიად დატოვებული გარკვეული საკითხები ვზპ კომპანიების საქმიანობის შესახებ.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ ეს?
დიახ, გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. სააპელაციო ინსტანციამ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მოპასუხეს ჰქონდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ფაქტობრივად ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები დააფიქსირეს შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.
როგორ ზეგავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება სხვა ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე IT-კომპანიებზე საქართველოში? მათ შორის მიმდინარე დავებზე?
თავად სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ვზპ კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებით მანამდე დავა არ განხილულა. შესაბამისად, მოცემული საქმე პრეცედენტულ ხასიათს ატარებს.
სასამართლომ ცალსახად მიუთითა, რომ პირველი და მეორე მეთოდური მითითება ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას და ასევე სამართლებრივი ძალის მატარებელი ვერ იქნებოდა გადამხდელის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ისედაც გამომდინარეობს კანონმდებლობიდან, მაინც მნიშვნელოვანია ამ ფაქტის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახვა.
ასევე, საყურადღებოა, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილებაში მიუთითა ცალსახა განმარტებები, თუ რომელი კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის, რომ გადამხდელმა შეძლოს შეღავათით სარგებლობა. თუმცა, ჩემი აზრით დღეის მდგომარეობით კვლავ გადაუწყვეტელი საკითხია საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის შექმნა რას მოიაზრებს, მით უფრო თუ მოქმედ მეთოდურ მითითებას ჩავხედავთ.
ასევე, ჩემი აზრით ყველა იმ დავაში სადაც საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის შემქნას საგადასახადო ორგანო უკავშირებს საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმებულების ფიზიკურად ყოფნას, გადამხდელმა უნდა დააყენოს საკითხი კანონი არ არის წინასწარგანჭვრეტადი და ზუსტად განსაზღვრული. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ კანონის ორაზროვნების საკუთარი მზინებისთვის გამოყენება წარმოადგენს გადამხდელის საკუტრების უფლებაში უკანონო ჩარევას. შემოსავლების სამსახური რომ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს კანონის ხარვეზს, ეს მინიმუმ დგინდება სამი ურთიერთსაწინააღმდეგო მეთდური მითითების გამოცემით, რომელიც სავალდებულოა შემმოწმებლისათვის.
თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა ამ დარგის განვითარების მიზნებისთვის, მათ შორის რეგულაციებთან მიმართებით?
საგადასახადო კანონმდებლობის ნორმები და მით უფრო შეღავათის გამოყენების კრიტერიუმები უნდა იყოს ცალსახა და გასაგები. ორაზროვნება და ბუნდოვანება, ინვესტორს აფრთხობს და ხელს უშლის თითოეული ბიზნეს სექტორის განვითარებას. უმნიშვნელოვანესია, რომ იყოს ერთიანი მიდგომა და ყველასთვის გასაგები. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა განჭვრეტადი, ზუსტი და კონკრეტული უნდა იყოს, რაც სწორედ ეკონომიკური განვითარების და დოვლათის შექმნის ერთ-ერთი საფუძველია.
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია მადლობას უხდის Just Advisors-ის გუნდს, პირადად ადვოკატ გიორგი ჟუჟუნაშვილს გაწეული მუშაობისა და ვირტულური ზონის კომპანიების უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისათვის.
იურიდიული კომპანია Just Advisors — ასოციაციის ის პარტნიორია, რომელიც ასოციაციის წევრებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს.
ჯერ არ ხართ ჩვენი წევრი? შემოგვიერთდით დღესვე, რომ იყოთ ყოველივეს საქმის კურსში, არ გახდეთ უსამართლოების მსხვერპლნი და იყოთ დაცულნი.