2026 წლის პირველი ნახევარი: შედეგები და ახალი ინიციატივები
2026 წელს საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციამ საქმიანობის მეოთხე წელი დაიწყო. გასული სამი წლის განმავლობაში მცირე ინიციატივიდან ის ჩამოყალიბდა სტაბილურ და გავლენიან ორგანიზაციად, რომელიც ვირტუალური ზონის კომპანიების ინტერესებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე წარმოადგენს.
ამ დროის განმავლობაში ასოციაციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვირტუალური ზონის კომპანიებისთვის დაკისრებული ჯარიმების გაუქმებასა და შემცირებაში. სახელმწიფო უწყებებთან აქტიური თანამშრომლობისა და კანონმდებლობის ერთგვაროვანი განმარტების ადვოკატირების შედეგად მიღწეული შედეგებით ისარგებლეს არა მხოლოდ ასოციაციის წევრებმა, არამედ მთლიანად ვირტუალური ზონის სექტორმა.
ამავდროულად, ასოციაციამ დაამყარა მტკიცე პარტნიორული ურთიერთობები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩაატარა საგანმანათლებლო ვებინარები და დარგობრივი ღონისძიებები, ასევემოამზადა ანალიტიკური პუბლიკაციები, რომლებიც ინფორმირებული ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებას ემსახურება. 2025 წლისთვის ასოციაცია მყარად ჩამოყალიბდა სანდო პლატფორმად, სადაც IT კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ ექსპერტული ცოდნა, პრაქტიკული რეკომენდაციები და ეფექტიანი წარმომადგენლობა.
ასოციაციის წევრობა მხოლოდ ფორმალური სტატუსი არ არის — ის კომპანიებს სთავაზობს რეალურ პრაქტიკულ მხარდაჭერას, მნიშვნელოვან საექსპერტო ცოდნასა და საერთო ინტერესების დაცვის ძლიერ მექანიზმს.
საქმიანობის მეოთხე წელს ასოციაცია ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო აქტიურად აგრძელებს, ხოლო 2026 წლის პირველმა ნახევარმა უკვე არაერთი მნიშვნელოვანი შედეგი და ახალი ინიციატივა მოიტანა.
მარეგულირებელი დღის წესრიგი
2026 წლის დასაწყისში ასოციაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად საქართველოში შრომითი მიგრაციის შესახებ ახალი რეგულაციების ამოქმედება იყო, რომელიც ძალაში 1 მარტიდან შევიდა.
ბიზნესისთვის ცვლილებების ეფექტიანად გაცნობის მიზნით, ასოციაციამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, შეაგროვა კომპანიების მოსაზრებები და Just Advisors-თან პარტნიორობით გამართა ონლაინ-ვებინარი, სადაც მონაწილეებს ახალი მოთხოვნები და მათი პრაქტიკული მნიშვნელობა გააცნო.
მაისში, გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ, ასოციაციამ და Just Advisors-მა ჩაატარეს ვებინარი თემაზე: „შრომითი მიგრაციის ახალი წესები: როგორ ვიმუშაოთ ჯარიმების გარეშე“. ღონისძიებამ IT და ვირტუალური ზონის კომპანიების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. განხილვის მთავარი თემები იყო სამუშაო ნებართვები, D1 ვიზები, შესაძლო ჯარიმები და ის პრაქტიკული საკითხები, რომლებსაც ბიზნესები ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ წააწყდა.
ვრცელი კითხვა-პასუხის სესიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონმდებლობის პრაქტიკაში აღსრულებასთან დაკავშირებით კვლავ არაერთი გაურკვევლობა არსებობს. ამ პროცესში ასოციაცია აგრძელებს ბიზნესებისგან პრაქტიკული შემთხვევებისა და გამოცდილების შეგროვებას, რათა მიღებული ინფორმაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მიმდინარე დიალოგში გამოიყენოს და ხელი შეუწყოს რეგულაციების ერთგვაროვან და პროგნოზირებად აღსრულებას.
ექსპერტული მხარდაჭერა
თებერვალში ასოციაციამ ბიზნესის მფლობელებისა და ხელმძღვანელებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე სპეციალიზებული ვებინარი გამართა. მისი მიზანი იყო მონაწილეებისთვის მარეგულირებელი მოთხოვნების შესახებ პრაქტიკული და გასაგები ინფორმაციის მიწოდება, ზედმეტი ტექნიკური დეტალების გარეშე. განხილვა შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ შემთხვევებს, შესაბამისობის მოთხოვნებსა და კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის პრაქტიკულ მიდგომებს.
ასოციაციის ინიციატივების მთავარი მიზანია ვირტუალური ზონის კომპანიებისთვის აქტუალურ პრაქტიკულ გამოწვევებზე დროული, სანდო და გამოყენებადი ცოდნის გაზიარება. სწორედ ამ პრინციპით იგეგმება ვებინარები, სემინარები და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომლებიც კომპანიებს სწრაფად ცვალებად მარეგულირებელ და ბიზნესგარემოში ეფექტიანად ოპერირებაში ეხმარება.
ანალიტიკა
აპრილში ასოციაციამ საქართველოს ვირტუალური ზონის სექტორის განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. ივნისში კი, შემოსავლების სამსახურის 2022–2025 წლების ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ვირტუალური ზონისა და საერთაშორისო კომპანიის სტატუსების ყოვლისმომცველი შედარებითი ანალიზი წარმოადგინა.
კვლევის მიზანი იყო ბიზნესებისთვის პრაქტიკული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო, სანდო და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ანალიზი დეტალურად მიმოიხილავს თითოეული სტატუსის საგადასახადო რეჟიმს, საოპერაციო მოთხოვნებსა და მათ ეკონომიკურ გავლენას, რაც კომპანიებს საკუთარი საქმიანობისთვის ყველაზე შესაბამისი მოდელის შეფასებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
ახალი პარტნიორობა
მაისში ასოციაციამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა FCHAIN-თან — საერთაშორისო კომპანიასთან, რომელიც ფინანსურ, HR და საბუღალტრო მომსახურებებს 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.
პარტნიორობის ფარგლებში ასოციაციის წევრებს ექნებათ წვდომა საერთაშორისო გამოცდილებასა და ექსპერტულ მხარდაჭერაზე ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა Employer of Record (EOR), საერთაშორისო ბუღალტერია და შესაბამისობის (Compliance) უზრუნველყოფის მომსახურებები. ეს თანამშრომლობა წევრ კომპანიებს საერთაშორისო ოპერაციების ეფექტიანად მართვასა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში დაეხმარება.
საერთაშორისო თანამშრომლობა
2026 წლის განმავლობაში ასოციაცია აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და მონაწილეობს წამყვან დარგობრივ ღონისძიებებში, რაც წევრი კომპანიებისთვის გლობალურ გამოცდილებასა და თანამედროვე პრაქტიკებზე წვდომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
მარტში ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ EBA4Women Signature Forum-ს. მაისში ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო Women in Tech Global Conference 2026-ში — ოთხდღიან საერთაშორისო სამიტში, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს, ლიდერობას, კარიერულ განვითარებასა და საერთაშორისო ბიზნესის გაფართოებას ეძღვნებოდა. ივნისში კი ასოციაცია შეუერთდა Women in Business & AI Technologies Forum-ს, სადაც ექსპერტებმა ბიზნესოპერაციებში ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილეს.
საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა ასოციაციის გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. გლობალური ტექნოლოგიური ტენდენციების გაცნობა, დარგის ლიდერებთან თანამშრომლობა და საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოება ასოციაციას საშუალებას აძლევს, ვირტუალური ზონის კომპანიებს დროულად მიაწოდოს აქტუალური ცოდნა, ხელი შეუწყოს მათი კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას და შექმნას ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო განვითარებისთვის.
წევრობის განვითარება
2026 წლის დასაწყისში ასოციაციამ მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო წევრებთან ურთიერთობის გაძლიერებას. ამ მიზნით გაფართოვდა გუნდი და დაინერგა ვირტუალური ზონის კომპანიებთან უფრო აქტიური, პროაქტიული და სისტემური კომუნიკაციის მიდგომა.
ამავდროულად, განახლდა ასოციაციის ვებგვერდი, კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდა მისი პოზიციონირება და დაინერგა წევრობის პაკეტი. ამ ცვლილებების მიზანია ასოციაციაში გაწევრიანების პროცესის გამარტივება, წევრობის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ვირტუალური ზონის კომპანიების უფრო ფართო ჩართულობის წახალისება.
წევრობის განვითარების ეს ნაბიჯები ასოციაციის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ძლიერი პროფესიული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ვირტუალური ზონის კომპანიებისთვის კიდევ უფრო მეტი ღირებულების შექმნას.
წინსვლის პერსპექტივა
ასოციაციის საქმიანობის მეოთხე წელი მხოლოდ მნიშვნელოვანი ეტაპის მიღწევას არ ნიშნავს. ის ადასტურებს, რომ ასოციაცია ჩამოყალიბდა სტაბილურ და სანდო ორგანიზაციად, რომელიც ვირტუალური ზონის კომპანიების ინტერესების დაცვას სისტემურად და თანმიმდევრულად ემსახურება. გასული წლების გამოცდილებამ შექმნა მყარი საფუძველი, ხოლო მიღწეულმა შედეგებმა ახალი შესაძლებლობები გააჩინა როგორც ასოციაციის, ისე მთლიანად სექტორისთვის.
ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს ვირტუალური ზონის კომპანიების ინტერესების წარმომადგენლობასა და მათი საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე მუშაობას. ამისთვის ის აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, ავითარებს საერთაშორისო პარტნიორობებს, ამზადებს ანალიტიკურ კვლევებს და აძლიერებს პროფესიულ დიალოგს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში.
დღეს საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის წევრობა მხოლოდ ორგანიზაციაში გაწევრიანებას არ ნიშნავს. ეს არის შესაძლებლობა, იყო იმ ერთადერთი პროფესიული გაერთიანების ნაწილი, რომლის საქმიანობაც მთლიანად ვირტუალური ზონის კომპანიების ინტერესების დაცვას, მათი გამოწვევების გადაჭრასა და სტატუსთან დაკავშირებული საკითხების ეფექტიან წარმომადგენლობას ემსახურება. მაშინ, როდესაც საქართველოში ვიწრო სექტორული ასოციაციები იშვიათია, ასეთი სპეციალიზებული პლატფორმის არსებობა განსაკუთრებული უპირატესობაა. წევრები იღებენ არა მხოლოდ პროფესიულ მხარდაჭერასა და ექსპერტულ ცოდნას, არამედ შესაძლებლობას, ერთიანი ხმით მონაწილეობდნენ იმ გადაწყვეტილებების ფორმირებაში, რომლებიც უშუალოდ ვირტუალური ზონის კომპანიაების საქმიანობის გარემოს განსაზღვრავს. სწორედ ეს ქმნის ამ ასოციაციის მთავარ ღირებულებას.
თუ თქვენი კომპანია ვირტუალური ზონის სტატუსით ოპერირებს და ჯერ არ არის ასოციაციის წევრი, ახლა საუკეთესო დროა, შეუერთდეთ მზარდ პროფესიულ საზოგადოებას, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს სექტორის გაძლიერებაზე, წევრი კომპანიების ინტერესების დაცვასა და საქართველოში ტექნოლოგიური ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე.