ასოციაციის ხედვა IT სექტორის ზრდასა და ვირტუალური ზონის როლთან დაკავშირებით
IT სექტორის შემოსავლებთან დაკავშირებული განახლებული სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, BM.GE-მ მოიწვია საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარე, შორენა კოპალეიშვილი, რათა სექტორის ზრდის შესახებ გაეზიარებინა პროფესიული ხედვა — მათ შორის, ვირტუალური ზონის პირი კომპანიების წვლილზე.
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის განცხადება
საქართველოს ეროვნული ბანკისა და „საქსტატის“ უახლესი მონაცემები ადასტურებს, რომ 2024 წელს დაფიქსირებული შემცირების შემდეგ, ქვეყნის IT სექტორი აღდგენის სტაბილურ ტენდენციას დაუბრუნდა.
მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში სექტორის გარე შემოსავალმა 266 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია — რაც 70%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (დამატებით 110 მილიონი აშშ დოლარი).
– 2023 წელს სექტორმა რეკორდულ მაჩვენებელს — 784 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
– 2024 წელს ეს მონაცემი 688 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.
– თუმცა არსებული მონაცემები მიანიშნებს, რომ 2025 წელს სექტორი გადააჭარბებს წინა რეკორდებს.
„საქსტატის“ მიხედვით, მიმდინარე წელს IT სექტორი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა.
ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიები განაგრძობენ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას სექტორის ზრდის დინამიკაში. საგადასახადო შემოსავლების მონაცემები მათი ეკონომიკური გავლენის სტაბილურ ზრდას ადასტურებს:
შედარებისთვის:
– 2019 წელს ვირტუალური ზონის პირმა კომპანიებმა ბიუჯეტში გადაიხადეს 46 მილიონი ლარი;
– 2020 წელს — 43.8 მილიონი ლარი;
– 2021 წელს — 67.3 მილიონი ლარი
– 2022 წელს — 74 მილიონი ლარი;
– 2023 წელს — 88.7 მილიონი ლარი;
– 2024 წელს — 85.4 მილიონ ლარზე მეტი.
– 2025 წლის პირველ კვარტალში, ვირტუალური ზონის კომპანიებმა ბიუჯეტში გადაიხადეს 29.2 მილიონი ლარი, მათ შორის:
დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) — 17.0 მილიონი ლარი
საშემოსავლო გადასახადი — 10.4 მილიონი ლარი
მოგების გადასახადი — 4.0 მილიონი ლარი
მთლიანობაში, დაარსებიდან დღემდე, 2025 წლის დასაწყისის ჩათვლით, ვირტუალური ზონის კომპანიების მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა 200 მილიონ ლარს აჭარბებს.
ეს ხაზს უსვამს ვირტუალური ზონის მდგრადობასა და მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობას IT სექტორისთვის.
ეს მონაცემები არამხოლოდ პოსტპანდემიური პერიოდის აღდგენის ნიშნებს აჩვენებს, არამედ მკაფიო მოწოდებაა ინდუსტრიისთვის ინსტიტუციური მხარდაჭერის გაგრძელების საჭიროებაზე, რომელიც მოიცავს: – სამართლებრივი სიცხადის უზრუნველყოფას
– კონკურენტული საგადასახადო შეღავათების შენარჩუნებას
– IT სექტორის სტრატეგიული როლის ოფიციალურ აღიარებას საქართველოს ეკონომიკაში
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია განაგრძობს თავისი წევრების ინტერესების დაცვას და IT სექტორის მდგრადი განვითარების მხარდაჭერას — საჯარო პოლიტიკის ფორმირებაში აქტიური ჩართულობით, საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭერით და საქართველოს, როგორც IT ჰაბის, საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებით.