Georgian Business Consulting ასოციაციის შესახებ, რომელიც აქტიურად მუშაობს საგადასახადო პრობლემების დარეგულირებაზე
Georgian Business Consulting ასოციაციის შესახებ, რომელიც აქტიურად მუშაობს საგადასახადო პრობლემების დარეგულირებაზე
GBC-მ ჩვენ შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ნათლად არის წარმოდგენილი ასოციაციის საქმიანობა და მისი როლი ინდუსტრიაში.
“თბილისი (GBC) – საქართველოს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიების წინაშე არსებული პრობლემები 2021 წლიდან დღეის მდგომარეობით და გამომწვევი მიზეზები, საქართველოს საგადასახადო ორგანოს მიდგომები ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე 2020-2022წწ., ბიზნეს ომბუდსმენის პოზიცია და შესაბამისი კანონმდებლობის დაზუსტების აუცილებლობა – ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარემ შორენა კოპალეიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილს გააცნო.
ასოციაციის თავმჯდომარისა და კომიტეტის თავმჯდომარის ბოლო შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი და მხარდამჭერი ევროპული ბიზნეს ასოციაციაა, 27 თებერვალს შედგა.
ვირტუალური ზონის პირები და ასოციაცია – გამოკვეთილი პრობლემები
ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია იმ უცხოურ კომპანიებს აერთიანებს, რომლებიც „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით სარგებლობენ და ამ კანონით დადგენილი შეღავათების გამო გადაწყვიტეს საქართველოში ოპერირების დაწყება. 2010 წელს მიღებული ამ კანონის თანახმად, ვირტუალური ზონის იურიდიულ პირის მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება მოგების გადასახადისგან თავისუფლდება და რიგ შემთხვევებში იბეგრება დივიდენდის საშემოსავლოს 5%–ით. ამ შეღავათით საკმაოდ ბევრმა კომპანიამ ისარგებლა და წლების განმავლობაში შეუფერხებლად ფუნქციონირებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც საკმაოდ ბევრი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შექმნეს.
ზემოხსენებული სტატუსის მქონე კომპანიებისთვის ვითარება 2021 წელს შეიცვალა, როდესაც მათთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე (ასე ამბობენ ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციაში და ეს ნათქვამია ასოციაციის მიერ საპარლამენტო კომიტეტისადმი გაგზავნილ მიმართვაშიც) შეიცვალა დაბეგვრასთან დაკავშირებული საგადასახადო მიდგომა. ამას კი მასობრივად მოჰყვა მასიური აუდიტები და კომპანიები მთლიანობაში მილიონობით ლარით დააჯარიმეს.
შემოსავლების სამსახურმა დაჯარიმების მთავარ არგუმენტებად დაასახელა შემდეგი გარემოებები: ვერ დასტურდება კომპანიების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნა და მათ საქართველოში არ გააჩნიათ კაპიტალი, არ ჰყავთ შესაბამისი პროფილით დასაქმებული თანამშრომლები. ასოციაციაში ამის საპასუხოდ აცხადებენ, რომ კანონის რომელი ჩანაწერი განმარტავს ან/და განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნის ფაქტს და ის, რომ კომპანიას უნდა გააჩნდეს კაპიტალი, არ არის მითითებული არც ერთ მოქმედ კანონში.
რას ითხოვს ბიზნესი
ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის წევრი კომპანიები მიიჩნევენ, რომ შექმნილი რთული მდგომარეობის საკანონმდებლო ნორმების კორექტირებით და მკაფიო განსაზღვრებების დადგენით უნდა დარეგულირდეს, რათა მომავალში აღარ მიეცეს მხარეებს კანონის ინტერპრეტირების შესაძლებლობა.
სინათლე გვირაბის ბოლოს
შორენა კოპალეიშვილისა და დავით სონღულაშვილის შეხვედრაზე ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიებისთვის 2021 წლიდან შექმნილი პრობლემების საკითხზე კომიტეტის თავმჯდომარემ გამოხატა მზადყოფნა საკითხის უფრო სიღრმისეულად შესწავლასთან დაკავშირებით, ასევე მიიღო გადაწყვეტილება უმოკლეს ვადებში გაეცნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიციას საკანონმდებლო ცვლილებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ასევე, დაიგეგმა ასოციაციასა და კომიტეტს შორის თანამშრომლობის გაგრძელების შემდგომი სტრატეგია.
საგულისხმოა, რომ ბიზნეს ომბუდსმენმა თავის პოზიციაში და შეფასებებში ვირტუალური ზონის ბიზნესის ძირითადი წუხილები გაიზიარა და მისი ეს პოზიციაც წერილობითი ფორმით მიეწოდა საპარლამენტო კომიტეტს.
შორენა კოპალეიშვილმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი არის შესაბამისი კანონმდებლობის დაზუსტება იმდაგვარად, რომ არც ერთ მხარეს არ მიეცეს ამა თუ იმ ნორმის ინტერპრეტირების შესაძლებლობა, ხოლო კანონის მკაფიო და ზუსტი ჩანაწერით დაცული იქნეს როგორც ქვეყნის საგადასახადო ინტერესი, ისე შეიქმნას ბიზნესის სტაბილურად ფუნქციონირების გარანტიები.“