დაჯარიმება პოსტფაქტუმ შემოღებული წესებით – რამდენად სამართლიანია ეს მიდგომა და რა არ მოსწონთ IT-კომპანიებს საქართველოს კანონმდებლობაში
Abstract techno background
დაჯარიმება პოსტფაქტუმ შემოღებული წესებით – რამდენად სამართლიანია ეს მიდგომა და რა არ მოსწონთ IT-კომპანიებს საქართველოს კანონმდებლობაში
თბილისი (GBC) – IT-კომპანია „MC“ 11 წელია, საქართველოს ბაზარზე მუშაობს და ციფრული პროდუქტების ექსპორტს აწარმოებს. კომპანიის მმართველი დირექტორი მ. კ. (საუბარი კონფიდენციალურობის პირობით გაიმართა) GBC–სთან საუბარში ამბობს, რომ მათ ვირტუალური ზონის პირის (ვზპ) სტატუსიც მოიპოვეს, რათა საგადასახადო შეღავათებით ესარგებლათ. მისი თქმით, კომპანიის კლიენტები არიან აშშ–ის მთავრობა, გაერო, ევროკავშირი და სხვა მსხვილი დამკვეთები. თუმცა, საგადასახადო შეღავათები ბოლო პერიოდში კომპანიისთვის საგადასახადო „წნეხად“ იქცა, მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურმა კომპანია აუდიტის შემდეგ შემოღებული ახალი წესების შესაბამისად დააჯარიმა რეტროსპექტიულად.
რესპონდენტი აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტის დიდი სურვილია, ზედმიწევნით დაიცვას საქართველოს ნებისმიერი კანონი, თუმცა, პოსტფაქტუმ შემოღებული წესების წინასწარ გათვალისწინება პრაქტიკულად შეუძლებელია.
„ჩვენი კომპანიის საქართველოში დაარსებით და საქართველოში მთელი ჩვენი კოდექსის შემუშავებით, ყოველთვის კანონის ფარგლებში ვმოქმედებდით. ჩვენ დაგვაჯარიმეს იმ წესების საფუძველზე, რომელიც საგადასახადო სამსახურმა ჩვენი შემოწმების დაწყების შემდეგ დააწესა. ჩვენ მივესალმებით ახალ გაიდლაინებს და გვსურს დავიცვათ საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი კანონი და პოლიტიკა. თუმცა, ჩვენ ეს ვერ შევძელით, რადგან აუდიტის დროს არ არსებობდა შესაბამისი მითითებები ან კანონები“, – ამბობს კომპანიის მმართველი დირექტორი.
მისივე თქმით, ვირტუალური ზონის პირთა კანონმდებლობა თავიდანვე ხარვეზიანი იყო და იძლეოდა მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას, როგორიცაა გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება. საქართველოს ხელისუფლება 100%-ით მართებულია, რომ ამის შეცვლა სურს.
თუმცა, მმართველი დირექტორის აზრით, ამჟამად მსგავსი პატიოსანი კომპანიები, რომლებიც კანონის სულისკვეთებით მოქმედებდნენ, სამწუხაროდ, დაზარალდნენ. ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, სხვა საკითხებთან ერთად ახალი გაიდლაინები ხელისუფლებას რეტროსპექტიულად რომ არ გამოეყენებინა.
„ეს განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ის გავლენას ახდენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორზე (ინფორმაციული ტექნოლოგიები, ისევე როგორც ზოგადად ცოდნის ეკონომიკა), რომელიც სამართლიანად წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტს“, – ამბობს მ. კ.
მისივე აზრით, უპირველეს ყოვლისა, სექტორს სჭირდება პოლიტიკის სტაბილურობა და ასევე სტაბილურობა რეგულირების თვალსაზრისით. თუ გაიდლაინები ან კანონები შეიცვლება, კომპანიებს უნდა მიეწოდოს შესაბამისი შეტყობინება, რათა თავიანთი ბიზნეს პროცესები ახალ სამართლებრივ რეალობებს მოარგონ.
„უპირველეს ყოვლისა, ახალი წესები და პოლიტიკა არ უნდა იქნეს გამოყენებული რეტროსპექტიულად. ეს ქმნის ძალიან არასაიმედო გარემოს კომპანიების ფუნქციონირებისთვის და არასწორ გზავნილს უგზავნის პოტენციურ ინვესტორებს და უცხოურ კომპანიებს, რომლებიც განიხილავენ საქართველოში ინვესტიციებს“, – განაცხადა კომპანიის მმართველმა დირექტორმა.
ამავე დროს, GBC-ს რესპონდენტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებს ვირტუალური ზონის პირთა რეგულაციების გასაუმჯობესებლად. მისი აზრით, ამ გზით შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რაც აშკარად დადებითად უნდა შეფასდეს.
მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ძვრებისა მთავრობის მხრიდან, მმართველი დირექტორი ამ მომენტისთვის თავისი ბიზნესის გაფართოების პერსპექტივას საქართველოში მაინც ვერ ხედავს.
„ჩვენი ბიზნესი ამ იურიდიული პირით შეჩერებულია ჩვენი სასამართლო საქმის დასრულებამდე, ისევე როგორც (იმედი გვაქვს) ახალი სახელმძღვანელო პრინციპების კანონში მიღებამდე, რომელმაც საბოლოოდ უნდა მოგვცეს საჭირო სიცხადე და ნდობა, რომ განვაახლოთ ბიზნესი“, – აცხადებს მმართველი დირექტორი.
მთავრობასთან სამართლებრივი ურთიერთობის საკითხების დარეგულირებაში რესპონდენტი განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის შექმნას და მისი მუშაობის ეფექტიანობას.
„ასოციაციის აქტიურობის შედეგად განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები როგორც მეთოდოლოგიურ დოკუმენტებში, ასევე მედიის, ბიზნესომბუდსმენის და სამთავრობო ორგანოების ყურადღების მიქცევის კუთხით. ასოციაციის ძალისხმევის შედეგად ჩვენ უფრო დარწმუნებულნი ვართ ჩვენს პერსპექტივაში. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ ვრჩებით ეჭვქვეშ, შესაბამისი საკანონმდებლო პროცესების მოლოდინში ახალი სახელმძღვანელო პრინციპების კანონში მიღების მიზნით. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მალე მოგვარდება, რათა ჩვენ თავდაჯერებულად გავაგრძელოთ ჩვენი ბიზნეს საქმიანობა“, – განაცხადა კომპანიის მმართველმა დირექტორმა.
მ.კ. ამ სექტორში პოტენციურ ინვესტორებს არ ურჩევდა ამ სტატუსის მოპოვებას, ვიდრე შესაბამისი გაიდლაინები არ გაიწერება კანონმდებლობაში.
ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიებმა საქართველოს ბიუჯეტში გადასახადების სახით მხოლოდ 2021 წლის განმავლობაში 66 მლნ ლარზე მეტი გადაიხადეს და დაახლოებით 1100–მდე კომპანიას აქვს მინიჭებული ვირტუალური ზონის პირის სტატუსი.