საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია დაესწრო მნიშვნელოვან შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენელთან სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანთან
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია დაესწრო მნიშვნელოვან შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენელთან სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანთან
27 ივნისს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა კერძო სექტორთან, ევროკავშირის წარმომადგენლის სანქციების საკითხებში ბ-ნი დევიდ ო’სალივანის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ იერი და დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლები.
ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს გაცნობა, სანქციების დაცვა დელეგაციის მთავარი ამოცანა გახლდათ და ამ მიზნის განსახორციელებლად შეხვედრები ყველა დონეზე გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, ვიცე პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ მესტვირიშვილთან.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია ამ ვიწრო ფორმატის შეხვედრაზე აირჩიეს და მიიწვიეს, როგორც IT სექტორის წარმომადგენელი, რადგანაც ამ სფეროს განვითარებას ევროკავშირი აქტიურად თვალყურს ადევნებს და მხარს უჭერს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
შეხვედრის ორგანიზატორებს და მაღალი რანგის დელეგაციას სურდათ გაეგოთ VZP ასოციაციის თვალსაზრისი, რამდენად შეესაბამება სახელმწიფოს მიდგომები საერთაშორისო სტანდარტებს და არის თუ არა რაიმე დარღვევა ან დაბრკოლება ამ მიმართულებით.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა მთავრობის როლის მნიშვნელობა ბიზნესის სწორად კოორდინაციაში; ასოციაციის თავმჯდომარემ შორენა კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ ასოციაცია თავისით ვერ შექმნის ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს. სახელმწიფოსა და ბიზნესის კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს გლობალური ინტერესი. მთავრობის როლი ჩვენს ინდუსტრიაში, სათანადო კომუნიკაცია ბიზნეს კომპანიებთან და მათი მხარდაჭერა, პირველ რიგში, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ევროსტანდარტებთან შესაბამისობისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მკაფიო რეგულირების ინტერესის გარეშე, არსებობს ეროვნული ბიზნესისა და ეკონომიკის პერსპექტივის მნიშვნელოვანი რისკი.