„ყოფნა – არყოფნა“: IT-ინდუსტრია ხელისუფლებისგან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მოლოდინშია
Abstract techno background
„ყოფნა – არყოფნა“: IT-ინდუსტრია ხელისუფლებისგან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მოლოდინშია
თბილისი (GBC) – „საგადასახადო ოაზისით“ მოზიდული საერთაშორისო IT-კომპანიები, რომლებიც ბოლო წლებში ბუნდოვანი კანონმდებლობის გამო ინტერპრეტირებული საჯარიმო სანქციებით უკმაყოფილო არიან და ბაზრის დატოვებაზეც ფიქრობენ, ვირტუალური ზონის პირთა (ვზპ) ასოციაციის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ინიციატივის ბედის მოლოდინში შეყოვნდნენ. საკანონმდებლო ხარვეზების გამო მათი ქართული ბაზრიდან გასვლა მხოლოდ დროის საკითხია.
ვზპ ასოციაციის თავმჯდომარის შორენა კოპალეიშვილის თქმით, მხოლოდ კანონის მკაფიო და ზუსტი ჩანაწერი უზრუნველყოფს მომავალში ამ სტატუსის მქონე კომპანიების სტაბილურ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას ქართულ ბაზარზე.
ვზპ სტატუსის მქონე რამდენიმე კომპანია მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის კომპენსაციის მიზნით სამართლებრივი დავის დაწყებასაც განიხილავს, რასაც პერსპექტივა ნამდვილად აქვს, თუმცა ასოციაცია ცდილობს საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით საბოლოოდ დასრულდეს ეს დავები.
ვზპ ასოციაციამ თავის პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა საკანონმდებლო ინიციატივა (კანონპროექტი), რომელშიც სრულად არის გათვალისწინებული ყველა ის პრობლემატური საკითხი, რომელიც ბოლო წლებში გამოვლინდა. ახლა კი ჯერი ხელისუფლებაზეა – უფრო კონკრეტულად რა პრობლემებს აწყდებიან საგადასახადო შეღავათებით მოზიდული ვირტუალური ზონის კომპანიები საქართველოში და რამდენად ახლოს და რეალური ამ პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, ვზპ ასოციაციის თავმჯდომარე შორენა კოპალეიშვილი ვრცელ ინტერვიუში გვესაუბრება:
– ბოლო წლებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიები დიდ პრობლემებს აწყდებოდნენ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან. მედიაში მანამდე გავრცელებული თქვენი კომენტარებიდან ირკვევა, რომ ხელისუფლებასთან კონსულტაციებს გადიხართ და კონკრეტული პოზიტიური სიგნალებიც მოდის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტიდან. რა შედეგი მიიღეთ დღეისათვის?
შორენა კოპალეიშვილი – 2021 წლიდან ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიები საკმაოდ დიდი საგადასახადო წნეხის წინაშე აღმოჩნდნენ. პრობლემის წარმოშობის საწყის ეტაპზე ჩვენი მხრიდან მოხდა ამ თემის აქტუალიზაცია და მისი განხილვა როგორც მედიაში, ასევე სხვადასხვა პროფესიულ წრეებში, რამაც კომპანიებზე რეტროსპექტიულად დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების კანონიერება ეჭვ ქვეშ დააყენა. ამის მიზეზებზე და პროცესის სამართლიანობაზე ასოციაციის პოზიცია ცნობილია და ის არ შეცვლილა.
ამასთან, მიუხედავად საკმაოდ რთული ორი წლისა და მწვავე კამათისა, დღეს სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია შედარებით გააქტიურებულია. ჩვენ უკანასკნელ თვეებში არაერთი შეხვედრა გავმართეთ ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან, სადაც განვიხილეთ ვირტუალური ზონის პირის (ვზპ) სტატუსის მქონე კომპანიების პრობლემები, გამოწვევები და სირთულეების გადაჭრის შესაძლებლობები. სწორად ამ პირდაპირი დიალოგის შედეგია, რომ დღეს არაერთი კომპანიისთვის მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ, მათ დიდ ნაწილს მოეხსნა ან შეუმცირდა დაკისრებული გადასახადები, ჯარიმები და საურავები. დარწმუნებული ვარ, დიალოგი სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის მომავალშიც გაგრძელდება.
გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ვითარება, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია შესაბამისი მარეგულირებელი ნორმების არამკაფიო ჩანაწერით, რაც ჯერ კიდევ იძლევა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, ჩვენი მოსაზრებები ასევე გავუზიარეთ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დავით სონღულაშვილს, როგორც ერთ–ერთი აქტიური და წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც კარგად ესმის მცირე და საშუალო ბიზნესის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მით უფრო როდესაც ეს ეხება საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ინოვაციებს.
– მაღალჩინოსნები, რომლებთანაც კომუნიკაცია გქონდათ ვზპ სტატუსის მქონე IT-კომპანიების პრობლემებთან დაკავშირებით, აღიარებენ თუ არა, რომ კანონმდებლობა ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს მოხელეებს?
შორენა კოპალეიშვილი – ვფიქრობ, ამას აღიარება არ სჭირდება, იმდენად მკაფიოდ ჩანს, რომ კანონმდებლობა ხარვეზიანია. არაოფიციალური კომუნიკაციის დროს ეს არაერთხელ დაუფიქსირებიათ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს.
გარდა ამისა, შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწაზე საუბრობს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი თავის შეფასებებში, რომ „ეს ვალდებულებები ნათლად და სრულყოფილად უნდა იყოს გაწერილი საქართველოს საგადასახადო კოდექსით და შესაბამისი ნორმები არ უნდა იძლეოდნენ სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას, მით უფრო, როცა საქმე საგადასახადო შეღავათს ეხება“.
– დღევანდელი რედაქციით არსებული კანონმდებლობა რომელ წელს იქნა მიღებული და რა ცვლილებები შევიდა მისი მიღებიდან დღემდე?
შორენა კოპალეიშვილი – „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ საქართველოს კანონი“ მიღებულ იქნა 2010 წელს, თუმცა ძალაში შევიდა 2011 წელის 1–ლი იანვრიდან. როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონის შექმნის მიზეზად დასახელებული იყო ის გარემოება, რომ საქართველოში რთულად ვითარდებოდა საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხოლო კანონის მიზანი უნდა გამხდარიყო ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა იმ პირებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.
აღნიშნულ კანონში მხოლოდ ერთხელ (2012 წ.) შევიდა მცირე დამატება. მას შემდეგ სხვა ცვლილება, შესწორება, დამატება ამ კანონში არ შესულა.
ჩემი აზრით, თუ დავაკვირდებით საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ტემპებს და ტექნოლოგიური მიღწევების დინამიკას, აღნიშნული კანონის მიღება დროული და სწორი იყო, თუმცა ფაქტია, რომ მისი მიღება მოხდა ნაჩქარევად, საერთაშორისო პრაქტიკის და კანონმდებლობის სიღრმისეული შესწავლის და ანალიზის გარეშე, არ გაკეთდა განმარტებები ბიზნესისთვის არც კანონის მიღების დროს და არც შემდგომ წლებში, რისი პირდაპირი ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, როგორც დომინანტს საჯარო ხასიათის ურთიერთობაში. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმ პრობლემებისა, რომლებმაც თავი იჩინა 2021 წლიდან.
– დებულებებს რაც შეეხება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბოლო წლებში რამდენიმე, თუ არ ვცდები 3 ურთიერთგამომრიცხავი დებულება გამოქვეყნდა. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად რა შემხვედრ ნაბიჯებზე წამოვიდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და რა შეიცვალა ამის შედეგად მანამდე დაჯარიმებული კომპანიებისთვის?
შორენა კოპალეიშვილი – ბოლო წელიწად-ნახევარში გამოიცა შემოსავლების სამსახურის უფროსის სამი სრულიად განსხვავებული შინაარსის მქონე მეთოდური მითითება. კერძოდ 2021 წლის 31 დეკემბრის N42644; 2022 წლის 25 მარტის N7547; 2022 წლის 29 დეკემბრის N33544; საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია, პირველ და მეორე მეთოდურ მითითებასთან დაკავშირებით დასაბუთებულ კითხვებს და კომენტარებს მუდმივ რეჟიმში აწვდიდა შემოსავლების სამსახურს, ახდენდა ბიზნესის გამოცდილების გაზიარებას და შესაბამისი წინადადებების წარდგენას, რამაც სიცხადე შეიტანე გარკვეული საკითხების რეგულირებაში, მოხდა მთელი რიგი საკითხების გათვალისწინება მე-3 მეთოდურ მითითებაში და რაც გახდა უამრავი კომპანიისთვის დაკისრებული გადასახადების, ჯარიმებისა და საურავების მოხსნის ან შემცირების საფუძველი.
თუმცა შემოსავლების სამსახურის ბოლო (მესამე) მეთოდური მითითებაც დღემდე არ განმარტავს და არეგულირებს ვზპ-ების საგადასახადო დაბეგვრის მრავალ საკითხს. შესაბამისად, ასოციაციის პოზიცია საკანონმდებლო დაზუსტებასთან დაკავშირებით რჩება უცვლელი. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ კანონის მკაფიო და ზუსტი ჩანაწერი უზრუნველყოფს მომავალში კომპანიების სტაბილურ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.
– რაზე მიუთითებს შემოსავლების სამსახურის მიდგომების ამგვარი ცვალებადობა და ასევე რამდენად სწორია გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედოს ეს დებულებები ანუ მეთოდური მითითებები?
შორენა კოპალეიშვილი – როგორც ვნახეთ, ყოველი ახალი მეთოდური მითითება აუქმებდა მის წინას და ადგენდა განსხვავებულ მიდგომებს დაბეგვრის საკითხებთან დაკავშირებით, რაც ცალსახად ადასტურებდა იმას, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ამ მცირე პერიოდში არა ერთხელ შეცვალა პოზიცია ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების დაბეგვრის სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. ეს ალბათ იმაზე მიუთითებს, რომ უწყება თავად არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული თავის მიდგომებში. გარდა დარიცხული გადასახადებისა და სანქციებისა, ამ მდგომარეობამ დამატებითი ფინანსური და მორალური ზიანი წარმოშვა კომპანიებისთვის. სხვათა შორის, რამდენიმე ჩვენი წევრი კომპანია განიხილავს მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის კომპენსაციის მიზნით სამართლებრივი დავის დაწყებას, რასაც პერსპექტივა ნამდვილად აქვს, თუმცა ასოციაცია ცდილობს საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით საბოლოოდ დაასრულოს ეს დავები.
– როგორია თქვენი შეფასება – შემოსავლების სამსახური რამდენად იზიარებს თქვენი ასოციაციის ინიციატივას და თქვენი მუშაობის დაფარვის ზონაში არსებული კომპანიების პრეტენზიებს კანონმდებლობასთან მიმართებით?
შორენა კოპალეიშვილი – ყველა შეხვედრაზე, სადაც პირადად მე და ჩვენი პარტნიორები ვაყენებდით საკანონმდებლო ნორმების დაზუსტების და სრულყოფის აუცილებლობას, არ მიგვიღია წინააღმდეგობა ამ საკითხთან დაკავშირებით არც ერთი ოფიციალური პირისგან, რაც მისასალმებელი და სწორია. შესაძლოა ვიმსჯელოთ ამა თუ იმ ნორმის ფორმულირებაზე და სხვა დეტალებზე, თუმცა არ მესმის, რატომ უნდა იყო წინააღმდეგი უზრუნველყო მკაფიო, გამჭვირვალე და სამართლიანი კანონმდებლობა.
– თქვენი, როგორც ასოციაციის თავმჯდომარის უშუალო მონაწილეობით, მომზადდა კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი. კიდევ ვინ იყო ჩართული პროექტის მომზადებაში და რა შეიცვლება საგადასახადო კანონმდებლობაში მას შემდეგ, როდესაც პარლამენტი ამ ინიციატივას მიიღებს და დაამტკიცებს?
შორენა კოპალეიშვილი – საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციამ თავის პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა საკანონმდებლო ინიციატივა (კანონპროექტი), რომელშიც სრულად არის გათვალისწინებული ყველა ის პრობლემატური საკითხი, რომელიც ბოლო წლებში გამოვლინდა. ჩვენ შევისწავლეთ მსგავსი სპეც რეჟიმები მსოფლიოს მასშტაბით და უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მართლაც აქვს უნიკალური შანსი გამართული მარეგულირებელი კანონმდებლობით კონკურენცია გაუწიოს არაერთ მოწინავე ქვეყანას, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას შექმნან აიტი სფეროში მოღვაწე ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემო.
საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობდა საერთაშორისო ქსელური კომპანია „Kreston Georgia“-ს მმართველი პარტნიორი ბატონი დავით პაპიაშვილი, რომელიც საქართველოში საგადასახადო კანონმდებლობის ერთ ერთ საუკეთესო ექსპერტად არის მიჩნეული.
ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესში გამოვყოთ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) როლი და მისი მხარდაჭერა. EBA აერთიანებს 100-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას და მისი ხედვაა, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება უნდა ხდებოდეს ევროპული სტანდარტით.
რა თქმა უნდა, დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თითოეულ თანამშრომელს და წევრ კომპანიას ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
ჩვენს მიერ შემუშავებული ინიციატივა დაარეგულირებს არაერთ მნიშვნელოვან და დღეისთვის პრობლემატურ საკითხს, რომელიც ეხება ვზპ კომპანიების საქმიანობას და მათ დაბეგვრას, მარეგულირებელი ნორმები გახდება ზუსტი და მკაფიო, რაც არც ერთ მხარეს არ მისცემს ინტერპრეტირების საშუალებას. და რაც მთავარია, კომპანიებს მიეცემათ სტაბილურად საქმიანობის შესაძლებლობა, რაც უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ბიზნესისთვის. საკანონმდებლო დეტალებზე უფრო ვრცლად კიდევ ვისაუბრებთ განხილვების დროს.
– თქვენ მიერ მომზადებულ კანონპროექტში გათვალისწინებულია თუ არა შემოსავლების სამსახურის სპეციალისტების მოსაზრებები, რომლებთანაც სამუშაო შეხვედრები გქონდათ ამ საკითხებთან დაკავშირებით?
შორენა კოპალეიშვილი – არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზედაც გვისაუბრია, წერილობით გაგვიზიარებია შესაბამის უწყებებთან და რაც დღეს მეტ-ნაკლებად რეგულირდება შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული მეთოდური მითითებით, ასახულია ჩვენს მიერ შემუშავებულ ინიციატივაში. გვესმის, რომ საგადასახადო კოდექსში არ უნდა გაიწეროს ყველა დეტალი, თუმცა დაბეგვრის საკითხები უნდა დარეგულირდეს სწორედ საგადასახადო კოდექსით.
ჩვენ უკვე მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს შეხვედრის ორგანიზების თხოვნით. უახლოეს დღეებში ველოდებით პასუხს და უწყების პოზიციის შესახებ მეტი ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა მექნება, კონსულტაციების დასრულების შემდეგ.
– ტრადიციულად, ხელისუფლება მუდმივ დიალოგშია, ან უნდა იყოს ბიზნეს გაერთიანებებთან. თქვენი ასოციაციის შექმნით რა შეიცვალა სახელმწიფოსა და ვზპ სტატუსის მქონე კომპანიებს შორის ურთიერთობებში და ზოგადად ამ კომპანიებისთვის?
შორენა კოპალეიშვილი – დავიწყებ თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილით:
ასოციაციის აქტიურობით პრობლემის განხილვა დაიწყო სახელმწიფო სტრუქტურებში (ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, საქართველოს პარლამენტი). ასევე მოხდა პრობლემის მედია გაშუქება.
ასოციაციამ მიაღწია პირველი და მეორე მეთოდური მითითების გაუქმებას და შესაბამისად, დაიწყო ასოციაციის წევრების გადაწყვეტილებების გადახედვა, დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების გადაანგარიშება და ზოგიერთი კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმების მოხსნა ან შემცირება.
ჩვენ შევძელით პარლამენტში შესვლა საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირების მოთხოვნით.
ასოციაციამ მიიღო ბიზნესომბუდსმენის მხარდაჭერა ვზპ კომპანიების ირგვლივ განვითარებულ პროცესთან დაკავშირებით.
ასოციაციამ შეძლო ამ საკითხით ევროპის ბიზნეს ასოციაციისა და სხვა ევროპელი წარმომადგენლების დაინტერესება.
სწორედ ასოციაციამ გახადა შესაძლებელი ვირტუალური ზონის კომპანიების პრობლემების სახელმწიფო და არასამთავრობო უწყებების წინაშე დაყენება.
ეს არის ნაწილი იმისა, რაც ჩვენმა გუნდა შეძლო დროის არც თუ ისე ხანგრძლივ პერიოდში. რაც შეეხება დიალოგს ხელისუფლებასა და ბიზნეს გაერთიანებებს შორის, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს არ შეფერხდება.
– როდის შეგაქვთ (თუ უკვე შეტანილი არ არის) საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტში განსახილველად?
შორენა კოპალეიშვილი – ჩვენი მხრიდან უკვე შესულია ამ საკითხზე კონსულტაციების დაწყების თხოვნა, როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე ფინანსთა სამინისტროში. იმედს ვიტოვებთ, განხილვის პროცესი დაიწყება უახლოეს კვირებში, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით ყველა დაინტერესებულ მხარეს.
– რა მოლოდინი გაქვთ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან და დაგიჭერენ თუ არა მხარს საკომიტეტო მოსმენაზე პარლამენტში?
შორენა კოპალეიშვილი – ჩვენი მოლოდინი ამ კუთხით არის ოპტიმისტური. იმის გათვალისწინებით, რომ ვზპ კომპანიების საქართველოში გადახდილი გადასახადების ოდენობა 2011-2022 წლებში შეადგენს 70 მილიონ ლარზე მეტს, ვზპ კომპანიებში დასაქმებულია ასობით საქართველოს მოქალაქე, ვზპ-ის სტატუსის მინიჭება მოხდა 1000-ზე მეტ კომპანიაზე და ყველა ეს მონაცემი თვიდან თვემდე იზრდება, წარმოუდგენლად მიგვაჩნია სახელმწიფომ უარი თქვას ერთის მხრივ ამ ბიზნესის განვითარებაზე და მეორეს მხრივ შემოსავლებზე, რომელიც შედის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში.
– უშვებთ იმის ალბათობას, რომ თქვენი ინიციატივა არ იქნება მხარდაჭერილი და რა გეგმა აქვს ამ შემთხვევაში ბიზნესს?
შორენა კოპალეიშვილი – თეორიულად ყველაფრის დაშვება შეიძლება. თუ არ მოხდება შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწა, ვზპ კომპანიები საბოლოოდ უარს იტყვიან საქართველოზე, როგორც აიტი ინდუსტრიისთვის საინტერესო ლოკაციაზე. ამ კომპანიებმა საკმაოდ რთული ორი წელი გამოიარეს, რამდენიმე არაკეთილსინდისიერი კომპანიის გამო ადგილი ჰქონდა მთელი ამ ინდუსტრიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობას და მიუხედავად ამისა, მომართვიანობა სტატუსის მიღებაზე დღესაც მზარდია. თუ კანონმდებლობა არ დაიხვეწება, სამწუხაროდ, ახალი კომპანიებიც, რომლებიც შემოდიან საქართველოში, დატოვებენ ბაზარს, ხოლო ჩვენ კი ხელიდან გავუშვებთ ამ მიმართულების განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და შემოსავლებს.
– დაბოლოს, როგორ უნდა გახდეს ვზპ კომპანია თქვენი ასოციაციის წევრი და რა სარგებელი ექნებათ კომპანიებს?
შორენა კოპალეიშვილი – ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც მიენიჭება ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, აქვს შესაძლებლობა გახდეს ჩვენი ასოციაციის წევრი. ჩვენთან პარტნიორობა არ არის დამოკიდებული არავითარ სხვა პირობაზე (საწევრო შენატანი და სხვა). ჩვენი საქმიანობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ჩვენს ოფიციალურ გვერდზე: www.viz.ge