ვზპ სექტორის კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში გაოთხმაგებულია: ექსპორტი – 1,77 მლრდ; საშუალო ხელფასი – 7 200 ლარი.
თბილისი (GBC) – როდესაც საქმე ეხება IT–კომპანიის ჩამოყალიბებას, სწორი იურისდიქციის არჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნებისმიერი ბიზნესის მფლობელისთვის. ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანა გვთავაზობს განსხვავებულ და უნიკალურ სარგებელსა თუ შეღავათს, თუმცა ასევე ვლინდება ნაკლოვანებებიც.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნები აქტიურ კონკურენციაში არიან ერთმანეთთან, რათა IT სფეროში მომუშავე კომპანიებს შესთავაზონ საუკეთესო საგადასახადო, ეკონომიკური, სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი პირობები.
საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში
თუ საჯარო წყაროებს დავეყრდნობით, IT კომპანიების შექმნისთვის საუკეთესო ქვეყნების ჩამონათვალი ცვალებადია, რადგან ისინი უწყვეტად, მუდმივ რეჟიმში ცდილობენ რაღაც ახალი შესთავაზონ კომპანიებს. ასევე, ეს რეიტინგები არის მარკეტინგული პროცესის ნაწილიც, თუმცა მეტ–ნაკლებად შეგვიძლია გამოვყოთ მოწინავე იურისდიქციები ამ მიმართულებით, შესაბამისი დასაბუთებით.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ამ რეიტინგებში, წლებია, მოწინავე პოზიციებს იკავებს.
რეიტინგის თანახმად, კომპანიები შემდეგ იურისდიქციებს ანიჭებენ უპირატესობას: კვიპროსი, რუმინეთი, საქართველო, ჰონკონგი, ესტონეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სინგაპური, გიბრალტარი, პოლონეთი და თურქეთი.
საქართველოს ეკონომიკის ზრდის დასაჩქარებლად საკმაოდ კარგი ამბავია, როდესაც ქვეყანა თავისი პოტენციალით ამ ერთ–ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და პერსპექტიულ დარგში ევროკავშირის ქვეყნების გვერდით პოზიციონირებს, თუმცა, ალბათ, აუცილებელია მუდმივი განვითარება, რათა ქვეყანა არ ჩამორჩეს თანამედროვე ტენდენციებს, უპასუხოს სექტორის მოთხოვნებს და მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, რათა გაზარდოს დასავლური (და არა მხოლოდ) საინვესტიციო ნაკადები საქართველოს ბაზარზე.
ვზპ–ებისთვის დაწესებული შეღავათების არსი
საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გასაყარზე. ადგილმდებარეობა ნამდვილად შეგვიძლია მივიჩნიოთ მნიშვნელოვან უპირატესობად, სხვა ქვეყნებთან შედარებით. გარდა ამისა, ქვეყანა IT-კომპანიებს სთავაზობს ხელსაყრელ საგადასახადო რეჟიმს. მაგალითად, მოგების სტანდარტული 15 პროცენტიანი გადასახადის მაგივრად 0%-5%. გადასახადის განაკვეთი განაწილებულ დივიდენდებზე 5 პროცენტია ფიზიკური პირებისთვის. შეღავათია დაწესებული დღგ-ს ნაწილშიც (18%) თუ კომპანიები მომსახურებას ან პროდუქტს უცხოეთში აწვდიან, ამ სტატუსის მინიჭებისათვის სავალდებულო არ არის დამფუძნებელი იყოს საქართველოს რეზიდენტი, ინფორმაციული ტექნოლოგიური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო არ არის დამატებითი ლიცენზია და სხვა.
გარდა ამისა, საქართველოს აქვს ბიზნესმეგობრული გარემო და მარტივი და ეფექტური ინკორპორაციის პროცესი. ქვეყანა ასევე ცნობილია დაბალი ბიუროკრატიით, რაც მეწარმეებს უადვილებს ბიზნესის წამოწყებასა და მართვას.
ამ მიმართულებით ძალიან მიმზიდველია ინვესტორებისთვის ისეთი საშეღავათო რეჟიმები, როგორიცაა ვირტუალური ზონა და საერთაშორისო კომპანია. თუმცა, საქართველოში რეგისტრირებული IT–კომპანიების სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ვირტუალური ზონა უკონკურენტო სტატუსია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. აღნიშნული სტატუსის მიღება საქართველოში შესაძლებელი გახდა 2011 წლიდან, როდესაც მიღებული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ საქართველოს კანონი. ამ სიახლემ უდიდესი ბიძგი მისცა უამრავ აიტი კომპანიას და მის წარმომადგენელს, დაეწყო საქმიანობა საქართველოში.
საქართველო გახდა ხელსაყრელი ადგილი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის კომპანიებისთვის, სადაც 1200-ზე მეტ ორგანიზაციას მიენიჭა ვირტუალური ზონის პირის სტატუსი ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში და ისინი სარგებლობენ ამ სტატუსით შეთავაზებული უპირატესობებით.
IT, მათ შორის ვზპ სექტორის კონტრიბუცია ეკონომიკაში
ეს, თავის მხრივ, გულისხმობს უდიდეს ეკონომიკურ სარგებელს სახელმწიფოსთვის. მაგალითად, გალთ & თაგარტის საქართველოს ეკონომიკის და სექტორების მიმოხილვის თანახმად, რომელიც მარტში გამოქვეყნდა, IT სერვისების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.77 მლრდ ლარს მიაღწია 2023 წელს, რაც 4-ჯერ აღემატება 2021 წლის მაჩვენებლებს. სწრაფი ზრდა საგადასახადო შეღავათებმა და საქართველოში კომპანიების რელოკაციამ განაპირობა.
შედეგად, 2021-23 წლებში IT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაოთხმაგდა, ხოლო საშუალო ხელფასები გაორმაგდა. 2023 წლის მონაცემების თანახმად, IT–კომპანიებში 14,164 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო საშუალო ხელფასი 7,192 ლარს შეადგენდა.
იგივე გალთ & თაგარტის ანალიტიკოსები მიმოხილვაში აღნიშნავენ, რომ შრომითი დანახარჯები სექტორის შემოსავლების 60%-ს შეადგენს. შესაბამისად, IT ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ძირითადად დასაქმებულებზე ნაწილდება, რაც ხელს უწყობს მოხმარების ზრდას. IT სექტორში მაღალი ხელფასები საშუალო კლასის ფორმირების წინაპირობას ქმნის.
მართალია, რთული დასადგენია, ამ სტატისტიკიდან რამდენია ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების წილი, თუმცა, სხვადასხვა გათვლებით, ეს მაკჩვენებელი 50%-ზე ნაკლები არ არის.
უფრო მკაფიო შედარებისთვის, დღეს საქართველოს დასაქმებული (მათ შორის თვითდასაქმებული) მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაზე მოდის, ხოლო თვით სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის ეკონომიკაში სულ რამდენიმე პროცენტია. ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ 6 მარტს განმარტა, რომ თუ მეღვინეობა–მევენახეობაში საქართველოში პირდაპირ და ირიბად დაახლოებით 200 000 ადამიანია დასაქმებული, IT-სექტორში კი დაახლოებით 14 000 სპეციალისტი, ამ 14 ათასი ადამიანის შემოსავლებმა მეღვინეობაში დასაქმებული 200 ათასი მოქალაქის შემოსავალს გადააჭარბა. ამდენად, ჭარაიას აზრით, ქვეყანამ სწორედ იმ მიმართულებებით უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელთა განვითარებაც მეტ დოვლათს შექმნის ქვეყანაში, მათ შორის – IT–სექტორის მიმართულებით.
კიდევვ ერთი საინტერესო მაჩვენებლის მოყვანა შეიძლება: 2021–23 წლებში საქართველოს ეკონომიკა 9,7%–ით გაიზარდა. ამ მაჩვენებელში IT-სექტორის კონტრიბუცია საკმაოდ შთამბეჭდავია და 1,3 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ეს კი მხოლოდლ 0,1 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება ვაჭრობისა და ტრანსპორტის დარგების კონტრიბუციას (1,3 პ.პ.). აქვე მოგეხსენებთ, რომ ეკონომიკის ზრდაში 0,9 პ.პ. მოდის დამამუშავებელ მრეწველობაზე, 0,6 პ.პ. – საფინანსო საქმიანობაზე, ასევე 0,6 პ.პ. ელექტროენერგეტიკაზე და 3,5 პროცენტული პუნქტი დანარჩენ დარგებზე ერთად აღებული.
ასევე აღსანიშნავია, რომ მეტი წილი ამ კომპანიებისა არის ევროპული კომპანიების წარმომადგენლობები და ინვესტორები.
რა ხდება სხვაგან და რა გვაქვს გამოსასწორებელი ჩვენ?
ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, თამამად შეიძლბა ითქვას, უნიკალურია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოშიც. მისი ანალოგი არ მოიძებენება არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობაში. სხვათა შორის, IT სექტორის განვითარებისა და სომხეთის, როგორც რეგიონში განვითარებული IT სექტორის მქონე ქვეყნის რეიტინგისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის საჭიროებიდან გამომდინარე, 2014 წელს მიღებულ იქნა კანონი „ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“. სომხეთის მთავრობამ საგადასახადო შეღავათები მიანიჭა IT სტარტაპებს და გაათავისუფლა ისინი კორპორაციული გადასახადისგან – 18%, ასევე შეუმცირა საშემოსავლო გადასახადი 10%-მდე, ნაცვლად 20%–სა. მიუხედავად ამისა, ბიზნესის მხრიდან არ შეიმჩნევა დიდი ინტერესი ამ იურისდიქციის მიმართ.
შესაბამისად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო თავისი პოტენციალით დამაჯერებელ კონკურენციას უწევს არაერთ მოწინავე ევროპულ სახელმწიფოს, ხოლო რეგიონში უდაოდ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.
თუმცა ასევე არის რიგი ფაქტორები, რაც მეტ–ნაკლებად აფერხებს კიდევ უფრო მეტი კომპანიის მოზიდვას. ამ მხრივ გამოყოფენ პოლიტიკურ არასტაბილურობას, საგადასახადო კონანონმდებლობის ბუნდოვანებას, რაც ბიზნესს ართმევს შესაძლებლობას განჭვრეტადი გახადოს თავისი საქმიანობა.
ფინტექს რევოლუციის სათავეში ყოფნისთვის გლობალურ რბოლაში, საქართველოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ წამყვანი როლი ითამაშოს რეგიონის IT–ინდუსტრიის მომავლის ფორმირებაში. მით უფრო, რომ უკვე არსებობს საშეღავათო რეჟმებით სარგებლობის და დაინტერესების საუკეთესო პრაქტიკა.