შემოსავლების სამსახურსა და ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიებს შორის დავა გრძელდება
შემოსავლების სამსახურსა და ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიებს შორის დავა გრძელდება
შემოსავლების სამსახურმა ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების მიმართ დაჯარიმების მორიგი ტალღა დაიწყო და ათიათასობით ლარი დაუწესა. საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია მუდმივად რეაგირებს აღნიშნულ ქმედებებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით სექტემბერში გაიმართა ასოციაციასა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა (ლინკი), ასევე, გადაცემა „ბიზნეს ფორმულაში“ განიხილეს ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების გარშემო არსებული პრობლემები (ლინკი).
ამჯერად კი, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ასოციაციის თავმჯდომარემ, შორენა კოპალეიშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან“ ისაუბრა. რადგანაც შემოსავლების სამსახურმა საკანონმდებლო დონეზე პრობლემა ამ დრომდე ვერ მოაგვარა, ბიზნესს სთხოვს მოგების ნაწილი ასახოს როგორც დასაქმებულთა ხელფასი, რათა შემდგომ ეს თანხა საშემოსავლო გადასახადით დაიბეგროს. შემოსავლების სამსახური კომპანიებს ხელფასის საბაზრო ოდენობად თითოეული დასაქმებულისთვის 5000 ლარს უსაზღვრავს, რაც ასოციაციის განცხადებით, სრულიად ალოგიკურია. ასოციაციის მოსაზრებას ასევე იზიარებენ იურისტებიც. მათთვის ეს ფაქტი ბუნდოვანია, რადგან საქართველოს კანონმდებლობით ხელფასის საბაზრო ღირებულების ცნება არ არის განსაზღვრული. გარდა ამისა, შეუძლებელია სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე IT სპეციალისტებისთვის ერთი და იგივე ხელფასის დაწესება. ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე უცხოური კომპანიები ძირითადად პროგრამული უზრუნველყოფის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ და საგადასახადო კოდექსის მიხედვით, იმ შემთხვევაში თავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან, როცა საქართველოს ტერიტორიაზე ქმნიან პროდუქტს, ხოლო მომსახურებას საზღვარგარეთ ყიდიან.
ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიებს მხარს უჭერს ევროპული ბიზნეს ასოციაციაც, სადაც განმარტავენ, რომ ასეთი ფაქტები ქვეყანაში ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციების შემოდინებას აბრკოლებს.
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილები უკვე გაუგზავნა. როგორც თავმჯდომარემ, შორენა კოპალეიშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა, ერთ თვეში შემოსავლების სამსახურში კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება. მან აღნიშნა, რომ ასოციაციას იმედი აქვს უწყება მდგომარეობას გამოასწორებს და დავები სასამართლოში არ გაგრძელდება. კრესტონ ჯორჯიას მმართველმა, პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება პრობლემის მთავარ მიზეზზე, რომელიც ეხება საკანონმდებლო მუხლებში არსებულ ხარვეზს და განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარება სწორედ აქედან უნდა დაიწყოს.
საბოლოოდ, დავა უცხოელ ინვესტორებსა და შემოსავლების სამსახურს შორის თითქმის ორი წელია მიმდინარეობს, დარიცხული გადასახადები, ჯარიმები და საურავები კი საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტს აღწევს. იურისტები ფიქრობენ, რომ ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა უნდა აღმოფხვრას საკანონმდებლო ხარვეზები და მკაფიოდ განიმარტოს ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე პირების უფლებები, ამ სტატუსის მინიჭების გზები, რათა ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს აღარ ჰქონდეთ ინტერპრეტაციის შესაძლებლობა, ასევე გაუქმდეს რეტროსპექტულად დაწესებული გადასახადები.