ვირტუალური ზონის პრობლემური საკითხების გაშუქების ახალი ტალღა ბიზნეს ფორმულაზე
ვირტუალური ზონის პრობლემური საკითხების გაშუქების ახალი ტალღა ბიზნეს ფორმულაზე
21-ე საუკუნეში, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის პერიოდში, ვირტუალური რეალობა და ახალი შესაძლებლობები მთელს მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ საკითხებს წარმოადგენდა. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში პრობლემაა ახალი საგადასახადო პრაქტიკის კუთხით ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიებთან მიმართებაში. ამ საკითხს ასოციაცია აქტიურად აყენებს როგორც მედიაში, ისე სხვა და სხვა სახელმწიფო უწყებაში.
TV ფორმულას ეთერში გავიდა ამ თემასთან დაკავშირებული გადაცემა, სადაც დავით პაპიაშვილმა, კრესტონ ჯორჯია-ს მმართველმა პარტნიორმა პროფესიონალურად ისაუბრა ამ საკითხზე, გაანალიზა მთავარი ასპექტები, ისაუბრა პრობლემის ეტაპებზე და მისი გადაჭრის გზებზე.
რესპოდენტმა აღნიშნა, რომ ასოციაცია აქტიურადაა ჩართული პროცესში და უკვე მოახერხა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა პრობლემის გასაანალიზებლად და მისი გადაჭრის შესაძლო გზებზე სასაუბროდ.
ბატონი დავითი ასევე აღნიშნავს, რომ მედიამ არაერთხელ გააშუქა ვირტუალური ზონის პირებისთვის გადასახადების დაკისრებასთან დაკავშირებული სიახლეები, რაც ნიშნავს იმას, რომ ასოციაციის აქტიურობის შედეგად საკითხი არ კარგავს აქტუალობას.
ზოგადად, ვირტუალური ზონის კომპანიების მთავარი იდეა არის შეღავათიანი საგადასახადო სტატუსი, რომელიც ვრცელდება IT პროდუქტის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყიდვაზე. მთავარი მოთხოვნა არის მომსახურებისა და პროდუქტის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიწოდება. დღეს, კომპანიები აწყდებიან ორ მთავარ პრობლემას. პირველი უკავშირდება 100% ქართული პროდუქტის შექმნას, ეს შემოსავლების სამსახურის მოთხოვნაა. ზოგიერთმა კომპანიამ შეძლო პროდუქტის საქართველოში შექმნის დასაბუთება, მაგრამ ამის მიუხედავად, მათი უმრავლესობა დაჯარიმდა, რაც არ შეიძლება აღქმული იყოს სამართლიან და ლეგიტიმურ გადაწყვეტილებად.
ამის შემდეგ, ახალი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, სადაც მეორე პრობლემა წამოიჭრა, რომელიც უკავშირდებოდა ხელფასების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას. თუ კომპანია აკმაყოფილებს პროდუქტის საქართველოში შექმნისა და ამ პროდუქტის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიწოდების პირობას, ვირტუალური ზონის კომპანიები დივიდენდის განაწილებისას იბეგრებიან 5%-იანი, მოგების და არა საშემოსავლო გადასახადით, თუმცა ამ ნაწილშიც სახელმწიფო მიიჩნია, რომ კომპანიები არასაკმარის საშემოსავლო გადასახადს იხდიან ან საერთოდ არ იხდიან მას. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ღია რჩება და ამ დრომდე ვერ მოხერხდა მისი აღმოფხვრა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს საკანონმდებლო უზუსტობასთან, რომელიც დაკავშირებულია ხელფასის საბაზრო ღირებულების ცნების არარსებობასთან. განმარტებულია მხოლოდ საქონლისა და მომსახურების საბაზრო ფასი, ხოლო ხელფასის საბაზრო ოდენობის ცნებას ჩვენი კანონმდებლობა საერთოდ არ იცნობს. სწორედ ამიტომ, პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს აქედან. მიმდინარეობს განხილვა დივიდენის სახით გადასახდელი თანხისა და იმ თანხის შესახებ, რომელიც არ ითვლება დივიდენდად და უნდა იყოს გადახდილი ხელფასის სახით.
ამ პრობლემის კიდევ ერთი ნაწილი მდგომარეობს იმაში, რომ შემოსავლების სამსახური არაერთგვაროვნად ეპყრობა გადამხდელებს. IT ინდუსტრიის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არსებობს ხელფასის განსხვავებული ზღვარი. არიან პროფესიონალი, საშუალო და დაბალი დონის სპეციალისტები და შეუძლებელია ყველა მათგანს ერთნაირი ხელფასი ჰქონდეს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია რეგიონალური ფაქტორი, 5 000 ლარი ვერბალურად დადგენილი ზღვარი სრულიად ალოგიკურია, რადგან ყველა ქვეყანასა და რეგიონს არ აქვს ერთნაირი საშემოსავლო პოლიტიკა, განსაკუთრებით ისეთ მრავალფეროვან სექტორში, როგორსაც IT სფერო წარმოადგენს.
პაპიაშვილის თქმით, ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ხშირად კანონში არის ხარვეზი, ხოლო სახელმწიფო არ ცდილობს მის გამოსწორებას. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს დამოკიდებულება ვირტუალური ზონის კომპანიების მიმართ. მათ არ ესმით, რომ ეს პირველ რიგში მათი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა.
კანონში არსებული პრობლემის გამო ვირტუალური ზონის კომპანიებმა მიმართეს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით და იტოვებენ იმედს, რომ მიიღებენ მათგან პასუხს და პრობლემის მოგვარებაში ჩართულობას. პირად საუბრებში უწყების წარმომადგენლები აღიარებენ საკანონმდებლო ხარვეზს, თუმცა, გადადგამენ თუ არა კონკრეტულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით ჯერჯერობით უცნობია.
პანდემიის შემდეგ კომპანიები ცდილობენ სხვა და სხვა ქვეყნებიდან თანამშრომელთა დაქირავებას და საქართველო ასევე აქტიურად ცდილობს ამ პროცესში ასპარეზობას, ახლა კი ეს კომპანიები აწყდებიან დაბეგვრა არ დაბეგვრის საკითხს ქვეყანაში. ერთის მხრივ, ეს მიდგომა გეგმაზომიერად შეიძლება იყოს მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან, მას სურს რომ გაზარდოს საკუთარი შემოსავალი, თუმცა ამგვარი ფორმა აუარესებს საინვესტიციო გარემოს საქართველოში.
პრობლემა უნდა მოგვარდეს ორმხრივი ჩართულობით, რათა სამართლიანი მიდგომით აღმოიფხვრას საკანონმდებლო ხარვეზი და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა გატარდეს მკაცრი ზომები. ყველაფერი უნდა მოგვარდეს სისტემურად, ფართო ჩართულობით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პრობლემა შესაძლოა გავრცელდეს სხვა სფეროებზეც. მოულოდნელობით სავსე გარემო დიდი პრობლემაა ბიზნეს ოპერირებისთვის.