ასოციაციისა და Kreston Georgia-ს ერთობლივი მიმართვა საქართველოს პარლამენტს
ასოციაციისა და Kreston Georgia-ს ერთობლივი მიმართვა საქართველოს პარლამენტს
2022 წლის 27 ივლისს საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შორენა კოპალეიშვილმა და ასოციაციის პარტნიორმა, Kreston Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა მიმართეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით სონღულაშვილს.
წერილის მთავარი თემა 10 წლის წინ მიღებული კანონი იყო, რომლის მიდგომა და მისი პრაქტიკაში გამოყებება მოულოდნელად შეიცვალა და 2021 წელს ამ კანონის საფუძველზე საგადასახადო ორგანოებმა კომპანიები მასობრივად დააჯარიმეს.
სამწუხაროდ, ბიზნესს ჯერ კიდევ არ მიუღია მკაფიო პასუხი ორ მთავარ კითხვაზე:
რატომ მოხდა მიდგომის ამგვარი ხისტი ცვლილება ათი წლის შემდეგ ბიზნესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე, რაც ყველაზე უარყოფითად აისახა თითოეული მეწარმის და ქვეყნის შემოსავლებზე.
რატომ ხდება კომპანიების მასობრივი დაჯარიმება რეტროსპექტიულად, მაშინ, როდესაც აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით იმ დროისთვის არ არსებობდა არანაირი სიტუაციური სახელმძღვანელო, ხოლო კანონის ჩანაწერი დღემდე არის ორაზროვანი.
ამ ბუნდოვანი და ორაზროვანი კანონის გამო არაერთი უცხოური კომპანია დაჯარიმდა უსამართლოდ და ინვესტორები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საქართველო. სწორედ ეს გახდა მიზეზი ასოციაციას მიემართა პარლამენტისთვის წინადადებით დაიწყოს საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებისთვის მუშაობა, რათა შეიქმნას მკაფიო კანონი.
ასოციაციის არგუმენტები ეფუძნება სპეციალისტების, იურისტების, დარგის ექსპერტთა მოსაზრებებს. ასოციაციის თავმჯდომარემ შორენა კოპალეიშვილმა, Kreston Georgia-ს მხარდაჭერით მის მიმართვაში ყველა ის არგუმენტი მოიყვანა, სადაც აშკარად იკვეთებოდა ყველა შეუსაბამობა.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსი (რომელიც უპირატესია სხვა ნორმატიულ აქტებს შორის) ადგენს სამ წინაპირობას:
საინფორმაციო ტექნოლოგიები უნდა იყოს შექმნილი;
ის უნდა იყოს შექმნილი „ვირტუალური ზონის პირის“ სტატუსის მქონე იურიდიული პირის მიერ;
საინფორმაციო ტექნოლოგიები მიწოდებული უნდა იყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ.
მნიშვნელოვანია ასოციაციის თავმჯდომარის, შორენა კოპალეიშვილის დასაბუთება, რომ კოდექსში არ წერია, „იურიდიული პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი“ და წერია მხოლოდ „იურიდიული პირის მიერ შექმნილი“, ანუ საგადასახადო კოდექსში არ არის მოცემული როგორც გადასახადისგან გათავისუფლების წინაპირობა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგია საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იქნას შექმნილი.
ამასთან, საგადასახადო დაბეგვრით დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ რომელიმე ტერმინი გამოიყენება და განმარტებულია საგადასახადო კოდექსში, დაბეგვრის მიზნებისთვის ხდება სწორედ საგადასახადო კოდექსის განმარტების გამოყენება და არა სხვა კანონმდებლობაში არსებული ტერმინებისა თუ ცნებების, რაც სრულად გამორიცხავს სხვა კანონმდებლობის ნორმების გამოყნების შესაძლებლობას, მაშინ როდესაც საგადასახადო კოდექსი მკაფიოდ ადგენს საგადასახადო შეღავათის გემოყენების ზემოთ ხსენებულ 3 წინაპირობას.
გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილინორმების უახლესი ვერსიისა და მეთოდური მითითებების საფუძველზე, დღემდე არ არის განმარტებული რამდენი პროცენტით უნდა იქნას შექმნილი პროდუქტი საქათველოში ან საერთო ხარჯის რა ნაწილი უნდა იქნეს გაწეული საქართველოში რომ იგი ჩაითვალოს საქართველოში წარმოებულად.
უფრო კონკრეტულად, კანონის არსებული ჩანაწერი არ ასახავს იმ ფაქტს, რომ ვირტუალური ზონის საწარმოს თანამშრომელი უშუალოდ საქართველოში უნდა იმყოფებოდეს, აქედან ყიდდეს საინფორმაციო ტექნოლოგიებს და აუცილებლად მხოლოდ საქართველოში შესაბამისი პროფილური განხრით დაქირავებული პირების შემთხვევაში გავრცელდება საგდასახადო შეღავათი.
გარდა ამისა, ცხადია, რომ შემოსავლების სამსახურის მიდგომები არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რადგან უწყებამ ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე შეცვალა პოზიცია ორ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რაც ზემოთ აღინიშნა. თუმცა, ამ უკანასკნელი მიდგომების შეცვლამდე, რამდენიმე კომპანია დაჯარიმდა კონკრეტულად ამ უკანასკნელის მოტივით (მათ შორის, 40%-იანი ზღვარის გამოყენებით), რაც მიუთითებს შემოსავლების სამსახურში ერთიანი მიდგომისა და პრაქტიკის არარსებობაზე.
ასოციაციის პოზიციაა რომ უპირველეს ყოვლისა, ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს სამართლებრივი ნორმების კორექტირებით და კანონში მკაფიო დეფინიციების დადგენით, რათა მომავალში არ დავუშვათ მხარეთა მიერ კანონის იტერპრეტირების შესაძლებლობა. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ასოციაციამ მიმართა დავით სონღულაშვილს, როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს. ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აგრძელებს მოქმედებას, რათა საბოლოო შედეგი იყოს მიღწეული.