საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე კომპანიების საბიუჯეტო შენატანები მკვეთრად იზრდება
საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე კომპანიების საბიუჯეტო შენატანები მკვეთრად იზრდება
თბილისი (GBC) – ვირტუალური ზონისა და საერთაშორისო კომპანიის (სკ) სტატუსის მქონე, საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე კომპანიების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული გადასახადების მოცულობის დინამიკა წლიდან წლამდე მზარდია. განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებლებზე ვირტუალური ზონის პირის (ვზპ) სტატუსის მქონე კომპანიების გადასახდელები გადის.
კერძოდ, მიმდინარე წლის მხოლოდ 8 თვეში ვზპ–ების მიერ ბიუჯეტში დღგ–ს სახით 29,5 მლნ ლარია გადახდილი. ამ პერიოდში ვზპ–ებმა 6,5 მლნ–ის მოგების გადასახადი გადაიხადეს. შთამბეჭდავ მაჩვენებელზე გავიდა საშემოსავლო გადასახადი, რომელმაც საანალიზო პერიოდში 25,4 მლნ ლარი შეადგინა. ყველა გადასახადს თუ დავაჯამებთ, წლის პირველ 8 თვეში ვზპ–ებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 61.6 მლნ ლარი შეიტანეს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს გადასახდელები საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებითაა დაანგარიშებული, გამოჩნდება, რომ ამ სტატუსის მქონე კომპანიების კონტრიბუცია საქართველოს რეალურ ეკონომიკაში გაცილებით დიდია, რაც ნიშნავს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, IT სფეროში კვალიფიციური კადრების დაკავებას საქართველოში და, შესაბამისად, ასეთი მნიშვნელოვანი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების გადინება ქვეყნიდან მცირდება.
საგადასახადო შეღავათების ეფექტი
ამ შემთხვევაში საინტერესო იყო საქართველოს განათლების მინისტრის კომენტარი დასაქმებასა და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. გიორგი ამილახვარმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან 18 ოქტომბრის ინტერვიუში სამინისტროს პრიორიტეტად დაასახელა ქართველი სპეციალისტების ადგილზე დასაქმება და ევროპული დონის ანაზღაურების მიღება. აღნიშნული პრიორიტეტის ერთი კომპონენტი, პრინციპში, რეალიზებულია ვზპ ინდუსტრიის სეგმენტში.
რაც შეეხება ვზპ სტატუსის მქონე კომპანიების მიერ ბიუჯეტში გადასახდელების ბოლო 5 წლის სტატისტიკას, დინამიკა მკვეთრადაა გაზრდილი. კერძოდ, შზპ კომპანიებმა 2019 წელს გადასახადების სახით ჯამში 46 მლნ ლარი გადაიხადეს. პანდემიურ 2020 წელს ეს მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა და 43,8 მლნ ლარი შეადგინა, თუმცა მომდევნო 2021 წლიდან მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა – 67,3 მლნ ლარი. 2022–ში ეს მაჩვენებელი 74 მლნ ლარზე გავიდა, 2023 წლის მხოლოდ 8 თვეში კი 61.6 მლნ ლარი აქვს გადახდილი და წლის ბოლომდე ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ამ ინდუსტრიამ დიდი წნეხი განიცადა 2021-2022 წწ საგადასახადო ორგანოების მხრიდან დაბეგვრის პოლიტიკის უხეში და მოულოდნელი ცვლილების შედეგად. თუმცა, როგორც ჩანს საქართველოს მიმართ ინტერესი კვლავ რჩება, შესაბამისად ეს გარემოება სახელმწიფომაც სწორად უნდა შეაფასოს და გამოიყენოს.
ამ მაჩვენებლებით ვზპ–ს ჩამორჩება საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიების საბიუჯეტო შენატანები, თუმცა, ბოლო 3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება. მაგალითისთვის, საერთაშორისო კომპანიებმა თუ 2021 წელს ბიუჯეტში 11,8 მლნ ლარი გადაიხადეს, ამ მაჩვენებელმა 2022–ში უკვე 45 მლნ ლარს გადააჭარბა. მიმდინარე წლის მხოლოდ 8 თვეში კი წინა წლის აბსოლუტურ მაჩვენებელზე ბევრად მეტი – 52 მლნ ლარი აქვთ გადახდილი.
რა შეღავათებით სარგებლობენ კომპანიები
ვზპ და სკ სტატუსის მქონე კომპანიები საქართველოში თითქმის თანაბარი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.
კერძოდ, თუ კომპანიები სტანდარტულად დივიდენდის განაწილებისას მოგების გადასახადის სახით 15%–ს იხდიან, ვზპ სტატუსის მქონე კომპანიებისთვის ეს გადასახადი განულებულია, ხოლო საერთაშორისო კომპანიები მხოლოდ 5%–ს იხდიან. სამაგიეროდ, დივიდენდის განაწილებისას დასაკავებელი საშემოსავლო/მოგების გადასახადის სახით ვზპ სტანდარტულად 5%–ს, ხოლო სკ 0%–ს იხდის.
დღგ–ს ნაწილში აღნიშნული სტატუსის კომპანიები შეღავათებით არ სარგებლობენ და როგორც სტანდარტული კომპანიები, მხოლოდ მაშინ თავისუფლდებიან დღგ–სგან, თუ მომსახურებას/პროდუქტს უცხოეთში აწვდიან.
ხელფასის საშემოსავლო გადასახადი ვზპ–ებისთვის სტანდარტული 20%–ია, ხოლო სკ–ები მხოლოდ 5%–ს იხდიან. სკ–ები ქონების გადასახადისგანაც გათავისუფლებული არიან, ხოლო ვზპ–ები სტანდარტულად 1%–ს იხდიან.
მედლის მეორე მხარე
თუმცა, ვზპ სტატუსის მქონე კომპანიების სეგმენტის განვითარების, ამ სექტორში დამატებით ახალი მსხვილი კომპანიების შემოყვანა კიდევ უფრო მზარდი იქნებოდა, რომ არა გარკვეული ხარვეზების/ბუნდოვანობის არსებობა იმ საგადასახადო კანონმდებლობაში, რომლითაც ეს ინდუსტრია რეგულირდება.
დღეს საქართველოში ვზპ სტატუსი 1200–მდე კომპანიას აქვს მინიჭებული, თუმცა ბევრ მათგანს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობასთან ერთად მსხვილი ჯარიმების გადახდა, ან ამ ჯარიმის გასაჩივრება და სასამართლო დავები უწევს.
ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციაში, რომელიც ვზპ კომპანიების ინტერესებს ადვოკატირებს, არაერთხელ აღუნიშნავთ საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობის შესახებ და თავადაც დააინიცირეს საკანონმდებლო ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში. ასოციაციის თავმჯდომარე შორენა კოპალეიშვილი საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან პერმანენტულ შეხვედრებსა და კონსულტაციებს მართავს, ასოციაციის მიზნების მისაღწევად. მისი თქმით, შეხვედრები საკმაოდ კონსტრუქციულად მიმდინარეობს და მთავრობის მხრიდან სრული მზადყოფნაც იკვეთება ცვლილებების მისაღებად, თუმცა პრობლემად დროის საკითხი რჩება.
ფინანსური მონაცემების წყარო შემოსავლების სამსახური